სავალუტო ფონდის მისია ეროვნული ბანკის პოლიტიკას სრულად უჭერს მხარს

სავალუტო ფონდის მისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც გულისხმობს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისგან თავის შეკავებას და ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას.

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა გუშინ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია მცურავი გაცვლითი კურსის არსებობაზე. ამასთანავე, სწორედ მცურავი გაცვლითი კურსი უზრუნველყოფს გარე შოკების ნეგატიური გავლენის შერბილებას. გრძელვადიანი შოკების შესაკავებლად განხორციელებული ინტერვენციები მხოლოდ საქართველოს სავალუტო რეზერვებს შეამცირებს და შეანელებს ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის კლებას", - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა დაცვას და პატივისცემას საჭიროებს, რათა მან თავისუფლად განახორციელოს ძირითადი ამოცანა - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სექტორის სიჯანსაღე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გრძელვადიან, სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. მარკ გრიფითსის განცხადებით, სავალუტო ფონდი ელოდება იმ გეგმების ხილვას, რომელიც დააჩქარებს რეფორმებს, რათა საქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს ბიზნესის განხორციელებისთვის, ინვესტირებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის და მომავალში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.

"ამ კონტექსტში გათვალისწინებული უნდა იქნეს უცხოურ ბიზნესზე ბოლოდროინდელი შეზღუდვების შერბილება, კერძო სექტორში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, დანაზოგების ხელშეწყობა საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმირების გზით, საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესება", - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მისიას სურს მადლობა გადაუხადოს საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ნაყოფიერი დისკუსიებისთვის.

"სულმოუთმენლად ველით მთავრობის კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივის გაცნობას ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად, რაც ბიუჯეტის დეფიციტს შეზღუდავს. ასევე ველით, რომ ხელისუფლება გააგრძელებს მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის განუხრელ დაცვას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ნაბიჯები ოპერატიულად გადაიდგმება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მალე შეძლოს საქართველოში ჩამოსვლა პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად", - განაცხადა მარკ გრიფითსმა.