საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ორ კვარტალში ქვეყნიდან 165.8 მილიონი აშშ დოლარის მინერალური ან ქიმიური სასუქი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 50.4 მილიონ აშშ დოლარზე, თითქმის 229%-ით მეტია.
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, წინა წლების პირველ ორ კვარტალში ასეთი დიდი შემოსავალი საქართველოს სასუქის გაყიდვით არასდროს მიუღია. მეტიც, ამა წლის იანვარ-ივნისში მიღებული შემოსავალი წინა წლის მთლიან შემოსავალსაც აღემატება 38.7%-ით.
10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგნაირია:
რაც შეეხება გატანილ მოცულობას, წელს საქართველოდან ექსპორტზე 247.3 ათასი ტონა ამ ტიპის სასუქი გავიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 261.6 ათას ტონას, 5.8%-ით ჩამორჩება. ეს სასუქის ფასის ზრდაზე მიანიშნებს.
სასუქების უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში რუსეთია. მას მოჰყვებიან ჩინეთი, კანადა, მაროკო და აშშ. რუსეთიდან ექსპორტის მთავარი დანიშნულების ადგილი ბრაზილია, ჩინეთი, აშშ და ინდოეთია. უკრაინაში შეჭრისა და რუსეთზე დასავლური სანქციების შემდეგ ამ ქვეყნებს შორის გადაზიდვების შეფერხებამ ფასები სასუქზეც რეკორდულად გაზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ფასები დასტაბილურდა, ბოლო პერიოდში სასუქის ღირებულებაზე მის დასამზადებლად საჭირო ბუნებრივი აირის გაძვირება მოქმედებს. ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა, რაც კონტინენტს ენერგოკრიზისის საფრთხეს უმძაფრებს.