,,ტენდენცია გრძელდება, ფერმები ისევ იხურება" - ,,მომავლის ფერმერი"

ნედლი რძის ფერმები ისევ იხურება. ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან" ,,მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა განაცხადა.

გიგაშვილის თქმით, პრობლემას სისტემური ჯაჭვის მოუწესრიგებლობა ქმნის.

„მიუხედავად იმისა, რომ რძის ფასი მაღალია, თვითღირებულება იმდენად დიდია, რომ ხარჯს ვერ ფარავს. მიზეზი მარტივია, საკვები ბაზა არ გვაქვს და შემოტანილი პროდუქცია ძალიან ძვირია. რძის ბაზარზე მხოლოდ ის დიდი ფერმები რჩებიან, რომლებსაც მენეჯმენტი ზედმიწევნით აქვთ დალაგებული. შეიძლება, რომ იმათმა გაუძლონ, მაგრამ ფერმერს ვერ მოსთხოვ აწყობილ ჯაჭვს, როცა ამას სახელმწიფო, საკუთარ სტრუქტურებშიც კი ვერ ალაგებს.

მთლიანი სისტემაა ასეთი. ვეტერინარები არ გვყავს, თუ ერთ ძროხას რამე დაემართა, შეიძლება მთელი ფერმა მიიყვანოს სავალალო მდგომარეობამდე, იმიტომ, რომ პროფესიონალების დეფიციტია. ბოლო დროსაც წავიკითხე, რომ შიდა ქართლში, ადამიანი ყიდის მაღალპროდუქტიული ჯიშებით ფერმას. ასე რომ, ტენდენცია გრძელდება, ფერმები ისევ იხურება. სახელმწიფო ამბობს, რომ ეს არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ მხოლოდ ამით არ არის განპირობებული. ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომელიც ბაზარზე საერთოდ არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა გიგაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს ნედლი რძის ბაზარი ათზე მეტმა ფერმამ დატოვა.

თამარ მუკბანიანი