რუსი ტურისტი - სტუმარი თუ მასპინძელი? - როგორია ACT-ის კვლევის შედეგები

რუსი „ტურისტებისთვის“ საქართველოში ხელშემწყობი ბიზნესგარემოს შექმნა, პირდაპირი ეკონომიკური საფრთხის შემცველია ადგილობრივი ბიზნესისთვის - ამის შესახებ აღნიშნულია კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ ანგარიშში.

„ეისითიმ“ მოსახლეობის გამოკითხვა ტურიზმის საკითხებზე 2022 წლის 11-16 ივნისის პერიოდში ჩაატარა. კვლევაში ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი 18+ ასაკის შემთხვევითად შერჩეული საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა.

ანგარიშის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (84%) მიმდინარე წელს რუსი ეროვნების ტურისტების მზარდი ნაკადის შემოდინებას მოელის ქვეყნის ტერიტორიაზე (მათ შორის საკურორტო ზონებში), რაც 70%-ს დისკომფორტს არ უქმნის. 10-დან 3 მოქალაქე კი, რუსი ტურისტების სიმრავლეს საკურორტო ზონებში პირადი დისკომფორტის მიზეზად ასახელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გამოხატავს ღია უკმაყოფილებას რუსი ეროვნების ტურისტების დიდი რაოდენობით საქართველოს საკურორტო ზონებში თავმოყრის გამო, მათი უმეტესობა (57%) ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ ბიზნესის წარმოება საქართველოს ტეროტორიაზე (მათ შორის, ტურისტულ ზონებში), რადგან:

  • რუსეთი საქართველოს მტერია (40.6%);
  • რუსეთის მოქალაქეების მიერ წარმოებული ბიზნესი საქართველოში კონკურენციას უწევს ადგილობრივ ბიზნესს და შედეგად ამცირებს მათ შემოსავლებს (37.9%);
  • რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ (11.1%).

რუსი „ტურისტებისთვის“ საქართველოში ხელშემწყობი ბიზნესგარემოს შექმნა, პირდაპირი ეკონომიკური საფრთხის შემცველია ადგილობრივი ბიზნესისთვის, რამდენადაც ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ზრდის კონკურენციას ქვეყნის ბაზარზე და, შესაბამისად, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ამ გზით მოსალოდნელ ფინანსურ კეთიდლდღეობაზე. პროცესის მსხვერპლად კი გვევლინებიან ის ბიზნესები, ვინც წლიდან წლამდე ტურისტული სეზონის მოლოდინშია და რომელთა ეკონომიკური სიძლიერე სეზონური შემოსავლის მთელ წელზე გადანაწილების პრინციპზეა აგებული“, - აღნიშნულია ანგარიშში.