ლევან ბოძაშვილის აზრით, რიგის სამიტზე საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს

ევროკავშირის საკითხთა ექსპერტის ლევან ბოძაშვილის აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.

პროცესის შეფერხებას, ბოძაშვილის აზრით, ევროკავშირის მიერ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა გამოიწვევს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებაზე ევროკომისრებმა – ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

"ევროკომისრებმა დაასახელეს რამდენიმე მიმართულება, რა მიმართულებითაც სურთ, რომ სამეზობლო პოლიტიკა შეიცვალოს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება ამ პოლიტიკის იყო ის, რომ მას ჰქონდა რეგიონული და სუბრეგიონული მიდგომა და აერთიანებდა აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი) და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს. ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენ ვეუბნებოდით ევროკავშირს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე განხორციელებული, რადგან სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს განვითარება, მაგალითად, იგივე დემოკრატიზაციის კუთხით, სხვადასხვა იყო და არ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ერთ ჭრილში მოხვედრილიყო. როგორც ჩანს, ევროკავშირიც მივიდა ამ დასკვნამდე, რამაც უკრაინის პროცესებმაც შეუწყო ხელი. ბრიუსელი მიიჩნევს, რომ სამეზობლო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს საფუძვლიანად და რუსეთთან ურთიერთობაში ახალი მექანიზმი უნდა შემოიტანოს", - განაცხადა ბოძაშვილმა.

რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის გავლენას საქართველოზე, ექსპერტი აცხადებს, რომ როგორც ჩანს, საქართველოს ჯერ კიდევ უკრაინასთან ერთად განიხილავენ, ვინაიდან ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან არის გაფორმებული, ამასთან, ეს უკანასკნელი ერთი ნაბიჯით წინ არის და სავიზო ლიბერალიზაცია მიღებული აქვს.

"ჩვენს შემთხვევაში სამეზობლო პოლიტიკის გადახედვამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სანამ ევროკავშირი არ ჩამოყალიბდება, როდისთვის და რა ფორმით მოახდენს სამეზობლო პოლიტიკის რეფორმირებას, მანამდე ჩვენ შეიძლება უვიზო რეჟიმის მიმოსვლა, რომელიც დაგეგმილი იყო რიგის სამიტზე, საკმაოდ შეგვიფერხდეს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ კომპონენტთან - ერთი, ტექნიკური შეფასება და მეორე, პოლიტიკური გადაწყვეტილება. შეიძლება ტექნიკური შეფასება დადებითი იყოს, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროპულ საბჭოში იღებენ. ამისთვის აუცილებელია, მთავრობამ დაუყოვნებლივ შექმნას ე.წ. თასკ ფორცე, რათა ევროპის კავშირის ქვეყნების დედაქალაქებთან ინდივიდუალური, ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში მოხდეს ინტენსიფიკაცია და საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველომ დადებითი ტექნიკური შეფასების შემთხვევაში რიგის სამიტზე მწვანე შუქი მიიღოს. საჭიროა მთავრობამ იმუშაოს, რათა დაარწმუნოს ევროპელი პარტნიორები, რომ თუ ტექნიკური პარამეტრები არის შესრულებული და კრიტერიუმები დაკმაყოფილებული, მაშინ უარყოფითი პოლიტიკური გადაწყვეტილება ძალიან ნეგატიურად აისახება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე. ამან შეიძლება, საზოგადოების თვალში სკეპტიციზმი გააღრმავოს და ევროკავშირის დისკრედიტაცია მოახდინოს, მით უმეტეს, გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე", - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მუშაობის გააქტიურება მინიმუმ იმის საშუალებას მოგვცემს, ვთქვათ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა პროცესი წარმატებით დაესრულებინა. "თუ ეს არ იქნება გაკეთებული, ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში მთავრობას ძალიან გაუჭირდება საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ მან ძალისხმევა არ დაიშურა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაცხადდა, ევროკავშირი შეეცდება ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით მოახდინოს სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა, ამიტომ ექსპერტი ვარაუდობს, რომ ძალიან დიდი შანსია, მაისში დაგეგმილ სამიტზე რიგაში საქართველომ ნეგატიური შედეგი მიიღოს.