როგორია ბათუმის საინვესტიციო პოტენციალი? - ზღვისპირა ქალაქში უძრავი ქონების ფასი იზრდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა მზარდია. უფრო კონკრეტულად, ივლისის მონაცემებით, 800 ათასამდე საერთაშორისო და 500 ათასამდე მოგზაური შემოვიდა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი აღდგენა და 2021 წელთან შედარებით 100%-ზე მაღალი ზრდაა (საერთაშორისო მოგზაურების შემთხვევაში +177%-იანი).

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც გასული წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-იანი ზრდაა.

ტურისტულ სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა აჭარის რეგიონი და კონკრეტულად ბათუმი, სადაც Myhome-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასაქირავებელი უძრავ ქონებაზე ფასი 170%-ით, მოთხოვნა კი 730%-ით გაიზარდა. როგორც აპარტამენტები, სასტუმროს ნომრები და ბინები სრულად არის ათვისებული ვიზიტორების მიერ. არსებული მონაცემები მოწმობს, რომ ბათუმი წლიდან წლამდე უფრო მოთხოვნადი, პრესტიჟული და საერთაშორისო მოგზაურებისთვის საინტერესო ქალაქი ხდება.

TBC Capital-ის შეფასებით (14 ივლისის მონაცემები) ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2022 წლის პირველ ნახევარში პანდემიური მდგომარეობის შემდეგ სრულად აღდგა. ტურიზმის სწრაფი აღდგენისა და მიგრაციის გამო უძრავი ქონების დაქირავებაზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ქირავნობით მიღებული სარგებლის რეკორდულად ზრდა გამოიწვია. კომპანიის განცხადებით, 2022-ის წლის ოპტიმისტური დასაწყისიდან გამომდინარე, ტრანზაქციების რაოდენობა და გასაყიდი ფასები 2021 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს.

საინტერესოა, როგორია ბათუმის საინვესტიციო პოტენციალი?

ზღვისპირა ქალაქში სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესი სწრაფად ვითარდება და დამსვენებელთა მოთხოვნებს ერგება. თუ აქამდე ძირითადად, ბინები და აპარტამენტები იყო პოპულარული, ცოტა ხნის წინ ბაზარზე ახალი ტრენდი - სასტუმროს ნომრის შეძენა-გაქირავება გაჩნდა, რაც უცხოელი ვიზიტორების ინტერესით არის გამოწვეული. დღეს, სამივე ტიპის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, ზაფხულის სეზონზე მეპატრონე იმაზე უფრო მაღალ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე გასულ წლებში, რადგან როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ისე გაქირავებით მიღებული შემოსავალი გაზრდილია.

ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, 2019 წლის ბოლოს, „ფორბსმა“ ბათუმი უძრავ ქონებაში ინვესტირების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ და საიმედოდ დაასახელა.

დეველოპერულ სექტორში განმარტავენ, რომ სამშენებლო მასალების ზრდა, რეგიონში არსებული ვითარების გამო გართულებული ლოგისტიკა და ინფლაცია სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომიდან როგორც ბათუმში, ისე საქართველოს სხვა მოთხოვნად ადგილებში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას გამოიწვევს. კომპანია „ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორის, თამარ გაფრინდაშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აგვისტოს თვე უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის საუკეთესო დროა.

„ჩვენი პროგნოზით, შექმნილი ვითარება უძრავი ქონების ფასზე ზეგავლენას აუცილებლად მოახდენს, რასაც შემოდგომიდან უნდა ველოდოთ, ამიტომ გადაწყვეტილების მისაღებად საუკეთესო დრო სწორედ ახლაა,“ - აღნიშნა თამარ გაფრინდაშვილმა.