საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს წარმატებულად აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტსა და შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს წარმატებულად აფასებს.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ასოციაცია პირველივე დღეებიდან ჩაერთო ამ ინიციატივების განხილვაში, გააანალიზა, რა გავლენა ექნებოდა მათ კერძო სექტორზე და დასკვნები გაუზიარა ხელისუფლების ყველა შესაბამის წარმომადგენელს. "ინიციატივებზე მუშაობა კერძო სექტორისა და ხელისუფლების ეფექტური და რაციონალური თანამშრომლობის აღსანიშნავი პრეცედენტია. აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ, განსაკუთრებით კი მთავრობის ეკონომიკურმა ბლოკმა, კერძო სექტორთან ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შეძლო, ამ კუთხით ისეთი კანონმდებლობა შეექმნა, რომ ერთი მხრივ, დასახული მიზნებისთვის მიეღწია და მეორე მხრივ, არ დაეზიანებინა ბიზნესგარემო, საინვესტიციო კლიმატი", - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.