დასავლური ბანკები რუსეთის სამთავრობო ვალის ბაზარზე დროებით დაბრუნდნენ

მსხვილმა დასავლურმა ბანკებმა რუსულ კორპორაციულ და სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარზე ფრთხილი დაბრუნება დაიწყეს, რომ ინვესტორებს „ტოქსიკური“ აქტივებისგან „გათავისუფლებაში“ დაეხმარონ. ინფორმაციას Reuters წყაროებსა და საბანკო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო, ასევე, ინვესტორების მიერ ბანკებიდან მიღებულ წერილებს, შენიშვნებსა და სხვა შეტყობინებებს ეყრდნობა.

Reuters-ის ცნობით, ბანკებს შორის, რომლებიც კლიენტებს რუსულ ფასიან ქაღალდებზე ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ, არის JPMorgan, Bank of America, Citigroup, Deutsche Bank, Barclays და Jefferies. ზოგიერთი ბანკი თავის კლიენტებს დახმარებას ექსკლუზიურად რუსული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში, ზოგი კი იმ გარიგებებში სთავაზობს, რომელიც რუსული აქტივების წილის შემცირებას უწყობს ხელს. ამასთან, ისინი ინვესტორებს სთხოვენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტებს გარიგებამდე, რაც ბანკს საშუალებას აძლევს, გააუქმოს ტრანზაქცია, თუ ანგარიშსწორება არ განხორციელდება, რადგან არსებობს რისკი, რომ ბანკი ანგარიშებზე რუსული ფასიანი ქაღალდებით დარჩეს.

Bank of America-მ მომხმარებელთა საინფორმაციო ბიულეტენში წერს, რომ ობლიგაციებს შეიძენს და დაუყოვნებლივ გადაყიდის, ხოლო ერთ-ერთი ბანკი თავის დოკუმენტებში მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ანგარიშსწორება ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდება.

Bank of America, Barclays, Citi და JPMorgan კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა Jefferies-ში აცხადებენ, რომ ბანკი „თავის საქმიანობაში გლობალური სანქციებით ხელმძღვანელობს და კლიენტებს ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში ეხმარება.“ Deutsche Bank-თან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბანკი, მოთხოვნის შემთხვევაში, კლიენტებისთვის მხოლოდ რუსული ობლიგაციებით ვაჭრობს.

24 თებერვლამდე, დაახლოებით, 40 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული სუვერენული ობლიგაციები იყო მიმოქცევაში, რომელთა, თითქმის, ნახევარი უცხოურ ფონდებს ეკუთვნოდა. Reuters-ის შეფასებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული აქტივების ინვესტორები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რადგან ფასიანი ქაღალდების ღირებულება მკვეთრად დაეცა, მყიდველები გაქრნენ, სანქციებმა კი ვაჭრობა მეტად გაართულა.

ივნისში ხაზინის დეპარტამენტმა ამერიკელ ინვესტორებს მეორად ბაზრებზე რუსული ვალის ან აქციების ყიდვა აუკრძალა, რის შემდეგაც ამერიკული და ევროპული ბანკების უმეტესობა რუსეთის ვალის ბაზრიდან გავიდა. ივლისში აშშ-ის ხაზინამ გასცა ლიცენზიები, რომლებიც ბანკებს ტრანზაქციების საშუალებას დროებით აძლევდა, რომ რუსეთის ფასიანი ქაღალდების ამერიკელ მფლობელებს თავიანთი პოზიციები დაეხურათ. ამის შემდეგ უმსხვილესმა ბანკებმა ბაზარზე „ფრთხილი დაბრუნება“ დაიწყეს. ასევე, წესები შეარბილეს ევროპულმა მარეგულირებლებმაც, რამაც მმართველ კომპანიებს რუსული აქტივების ე.წ. გვერდითა ჯიბეებში განთავსების საშუალება მისცა.

Reuters-ის მონაცემებით, ივლისის ბოლოდან განახლებული სავაჭრო აქტივობის ფონზე ზოგიერთ რუსულ ობლიგაციაზე ფასები გაიზარდა, თუმცა სააგენტომ ასეთი ფასიანი ქაღალდების მყიდველები ვერ დაადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ