საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა

2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 245.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 255,3 ლარი იყო. 2021 წლის ივლისში კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 218,3 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, ივლისში ივნისთან შედარებით, 8,8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 226,1 ლარის ნაცვლად, 217,3 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021-ის ივლისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 193,4 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

თამარ მუკბანიანი