„იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ კიდევ მეტად დააკლებენ  საწვავს ფასს, ჯამში 20-30 თეთრით“ - პრემიერი

მიუხედავად იმისა, რომ ივლისსა და აგვისტოში საწვავზე ფასი შემცირდა, რჩება განცდა, რომ ფასის კლება ფაქტორების პროპორციული არ არის - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმპორტიორებისგან მიიღეს პირობა, რომ ფასი ჯამში 20-30 თეთრით შემცირდება.

„მინდა ჩვენი მოქალაქეებისთვის განმარტება გავაკეთო. ჩემი დავალებით ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს და მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან. მე, დღეს მქონდა საუბარი მათთან და იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა და საწვავის ფასები პლაცზე დაკლებულია, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა პროპორციული კლება. ამიტომ, საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა იმპორტიორებთან.

მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორთა კეთილსინდისიერება. რამდენად სწორად ხდება, კონკურენციის პირობების დაცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ კიდევ მეტად დააკლებენ საწვავს ფასს, ჯამში 20-30 თეთრით. საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ." - განაცხადა პრემიერმა.

თამარ მუკბანიანი