ავტომობილების გაყიდვა მკვეთრად შემცირდა

ავტოდილერები, რომლებიც მეორადი ავტომობილებით ვაჭრობენ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

ქართულ ბაზარზე მოქმედი ავტოდილერები შემცირებულ გაყიდვებზე ალაპარაკდნენ. ანალოგიური მდგომარეობაა ავტოსერვისებშიც. მათი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. ავტომობილების განვადების გამარტივებული აქციების მიუხედავად, მომხმარებლების მიზიდვას მაინც ვერ ახერხებენ. კიდევ უფრო რთული სიტუაციაა მეორადი ავტომობილების ბაზრობაზე. გარდა იმისა, რომ ავტომანქანების ფასი შემცირდა, გაყიდვები აქაც მკვეთრად დაეცა. ექსპერტების თქმით, ამ ყველაფერმა ქართულ ეკონომიკას საკმაოდ დიდი დარტმა მიაყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპერტების ვარაუდი გამართლდა, მეზობელი ქვეყნის მიერ დაწესებულმა შეზღუდვამ პრობლემა შეუქმნა იმ ადამიანებს, რომლებიც აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტს ახდენდნენ. თითქმის ერთი წელია, რაც აზერბაიჯანში მათ მოძველებული ავტომობილების შეყვანა აუკრძალეს. რეექსპორტისთვის გათვალისწინებული მანქანები 2005 წლიდან უნდა იყოს გამოშვებული, ან უფრო ახალი უნდა იყოს. არადა, წლების განმავლობაში აზერბაიჯანი საქართველოსთვის ავტომობილების ექსპორტის მხრივ მთავარი ბაზარი იყო. 2013 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები იყო ექსპორტირებული, საიდანაც ნახევარზე მეტი - დაახლოებით 380 მლნ დოლარი - აზერბაიჯანში ექსპორტზე მოდიოდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის იანვარში აზერბაიჯანში ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა და შესაბამისად, ფულადი მოცულობაც შემცირდა. ჯეოსტატის მონაცემებით, 6,5 მილიონი დოლარით (24%-ით) იკლო მეზობელ ქვეყანაში რეექსპორტირებულ ავტომანქანათა ღირებულებამ და 20,4 მილიონი დოლარი შეადგინა. 2013 წლის იანვარში ექსპორტირებული იყო 26,86 მლნ დოლარის ღირებულების 2,96 ათასი ავტომობილი, 2014 წელს მეზობელ ქვეყანაში 2,38 ათასი მანქანის გაყვანა მოხდა.

ქართველ ავტოდილერებს ევროპის ქვეყნებიდან მეორადი ავტომანქანები შემოჰყავდათ, რომელსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჰყიდდნენ. ექსპერტების თქმით, საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი იყო. ყაზახეთი 2011 წელს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა და საბაჟო პროცედურების გამკაცრების გამო რუსულ ბაზარზე გადავიდა, აზერბაიჯანმა 2014 წლის 1 აპრილიდან 2005 წელზე ადრე წარმოებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა და დარჩა მხოლოდ სომხეთი, რომელსაც ამ ბაზარზე ისედაც მცირე წილი ეკავა - დაახლოებით 5 პროცენტი. ახლა უკვე 2005 წელზე ადრე წარმოებული ავტომანქანები ვეღარსად გადის და საქართველოში რჩება. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე მეორადი ავტომობილები გაიაფდა. ავტოდილერების თქმით, ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მანქანების გაყიდვაც შემცირდა.

ავტოდილერი გიორგი სეფაშვილი:"უკვე 10 წელია, რაც გერმანიიდან მეორადი ავტომანქანები ჩამომყავს და ვყიდი. თუმცა, რაც აზერბაიჯანმა 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი აკრძალა, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი. პრაქტიკულად, მანქანას ვეღარ ვყიდი. ჩვენთვის ძირითადი სწორედ ეს ქვეყანა იყო. ამას მოჰყვა ჩვენს ბაზარზე მანქანების გაიაფება, მოგება თითქმის აღარ მრჩება. ადრე ერთი გაყიდული მანქანიდან სულ მცირე 500-1000 დოლარის მოგება მრჩებოდა. ახლა ეს ბიზნესი იმდენად წამგებიანი გახდა, რომ ვფიქრობ საერთოდ შევეშვა. არადა, ოჯახს ამ გზით ვარჩენდი. ოჯახში არავინ ვმუშაობთ და ერთადერთი შემოსავალი ეს იყო. ძალიან რთული სიტუაციაა. არ ვიცი, რა იქნება."

რაც შეეხება თბილისში არსებულ ავტოცენტრებს, სახარბიელო მდგომარეობა არც მათ აქვთ. დოლარის კურსის აწევამ თავსატეხი გაუჩინა. გაყიდვები მკვეთრად შეუმცირდათ. როგორც bpn.ge-ს ტოიოტას ცენტრში განუცხადეს, ბოლო ერთი თვეა, რაც გაყიდვები შემცირდა.

"მანქანები დოლარში იყიდება. ამიტომ, დოლარის კურსის აწევის პარალელურად, მყიდველს შენაძენი გაუძვირდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე მომხმარებლები ავტომანქანის ყიდვისგან თავს იკავებენ. მართალია, კონკურენტი კომპანიები გამარტივებული აქციებით ცდილობენ მომხმარებლის მიზიდვას, თუმცა ამ ეტაპზე ესეც არ ჭრის. რადგან გაძვირებულ ხარჯს ყველა ერიდება. იმედია, მდგომარეობა დასტაბილურდება. ამის იმედს გვაძლევს ბოლო დღეებში ბაზარზე დოლარის კურსის დაწევა," - გვითხრა "ტოიტა ცენტრის" ოპერატორმა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ რეექსპორტის ჩავარდნაზე გარკვეული გავლენა იქონია რუსეთ-უკრაინის კრიზისმა. ასევე, ლარის დევალვაციამ. მისივე თქმით, 20014 წელს რეექსპორტი 2%-თ შემცირდა. რაც შეეხება ბაზარზე ავტომობილების გაიაფებას, ამ ფაქტს ექსპერტი რეექსპორტის შემცირებას უკავშირებს. "ზოგადად, 2014 წლისთვის ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აზერბაიჯანმა რეგულაციები გაამკაცრა. ავტომობილების ექსპორტის შემცირებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა 2014 წლის მთლიანი ექსპორტის შემცირებაში. 2014 წელს ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 1 000 275 დოლარით გაიზარდა. 2013 წელს ეს რიცხვი 1 000 215 დოლარი იყო, ხოლო 2012 წელს 1 000 650 დოლარი. რეალურად, ექსპორტის კუთხით ჩავარდნა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ავტომობილების რეექსპორტის ჩავარდნამ გავლენა იქონია ჩვენს მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაზე. ასევე, რუსეთ-უკრაინის კრიზისმა და ლარის დევალვაციამ. ბუნებრივია, გაყიდვების შემცირებამ ამ ადამიანების შემოსავალს დიდი დარტყმა მიაყენა, რაც ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. რეექსპორტი 2%-ით შემცირდა. ამ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ, სანამ სხვა რამეს მოჰკიდებენ ხელს და შემოსავალი გაუჩნდებათ, თუმცა, ამას ჩვენ ვერ დავარეგულირებთ. ახლა მთავარია, თანდათან გადავეწყოთ ისეთი პროდუქციის წარმოებაზე და ექსპორტზე, რომელიც ჩვენი იქნება და არა - სხვისი", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

სალომე გოგოხია