თბილისის საკრებულომ 10 ათასზე მეტი ლარის დეკორატიული ნივთები შეიძინა

საკრებულომ შეისყიდა ისეთი ნივთები, როგორიცაა დეკორატიული საბეჭდი მანქანა, დეკორატიული ტელეფონი, დეკორატიული ალუმინის ნავი, ალუმინის ლანგარი

2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით, რომლის ღირებულება ჯამში 10 300 ლარია, თბილისის საკრებულომ საერთაშორისო კომპანია "აისიარისგან" შეისყიდა ისეთი ნივთები, როგორიცაა დეკორატიული საბეჭდი მანქანა, დეკორატიული ტელეფონი, დეკორატიული ალუმინის ნავი, ალუმინის ლანგარი, ალუმინის გლობუსი, ბინოკლის სადგამი, ალუმინის საოფისე ზარი, პუფი და სხვადასხვა ლარნაკები. ინფორმაციას ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ამავე ხელშეკრულებით ასევე მოხდა ისეთი ფუნქციონალური ნივთების შესყიდვაც, როგორიცაა ტორშერი, კედლის საათები, ჭაღი, თუმცა შეძენილი ნივთების უმეტესობა დეკორატიული დანიშნულებისაა.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  აღნიშნავს, თბილისის საკრებულოსგან გამოითხოვა მისი შესყიდვების გეგმა 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 6 თებერვლამდე პერიოდისათვის.

”აღსანიშნავია, რომ საკრებულომ ჩვენთვის მოწოდებული გეგმიდან ეს შესყიდვა ამოიღო და მხოლოდ მესამე მოთხოვნის შემდეგ მოგვაწოდა სატენდერო განცხადების ნომერი. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს პასუხი აქვს გასაცემი იმაზე, თუ რატომ ყიდულობს გადასახადის გადამხდელების ფულით ძვირადღირებულ დეკორატიულ ნივთებს”, - ნათქვამია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადადით ბმულზე 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით შესყიდული ნივთების ჩამონათვალის სანახავად: http://goo.gl/24gfJJ.