CNN - ამერიკაში 3-დოლარიანი საწვავის პერსპექტივა არც ისე შორსაა

აშშ-ში ბენზინის ფასები ვარდნას განაგრძობს. ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე ერთი გალონის ფასმა შესაძლოა, 3 დოლარიც შეადგინოს.

ერთი გალონის საშუალო მაჩვენებელი ორშაბათს 3,96 დოლარი იყო, რაც მხოლოდ ერთი ცენტით ნაკლები იყო, ვიდრე კვირას. მიუხედავად ამისა, კლებამ შეინარჩუნა გაზის ფასების შემცირების ზედიზედ 62-დღიანი ჯაჭვი.

28 შტატში რეგულარის საშუალო ფასი ახლა 3.99 დოლარი ან ნაკლებია. ქვეყნის მასშტაბით 130 000 ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით ორი მესამედი 4 დოლარზე ნაკლებ ფასად იყიდება, ზოგან გაცილებით იაფადაც - ბენზინგასამართი სადგურების დაახლოებით 25%-ზე გალონის ღირებულება 3,50 დოლარი ან კიდევ უფრო ნაკლებია.

როგორც OPIS-ის ენერგეტიკული ანალიზის გლობალურმა ხელმძღვანელმა, ტომ კლოზამ ივარაუდა, ზაფხულის დასრულებასთან ერთად კიდევ უფრო დაიკლებს საწვავის ფასი, თუმცა, მან არც ერთჯერადი გაძვირება გამორიცხა. ”ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რას აპირებს პუტინი” - განაცხადა მან ფაქტორებზე, რამაც შესაძლოა, საწვავის ფასი კიდევ ერთხელ აწიოს.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათის კლება ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმითაც, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა შეემცირებინა საპროცენტო განაკვეთები ადგილობრივი ეკონომიკის შენელების ნიშნების გამო.

„ბაზარმა ეს მიიჩნია, როგორც დაცემის სიგნალი ნავთობის მოთხოვნის პერსპექტივაზე“, - განაცხადა რიჩარდ ჯოსვიკმა, S&P Global Commodity Insights-ის გლობალური ნავთობის მიწოდების ანალიტიკის ხელმძღვანელმა.

ეკა დარჩიაშვილი