დიმიტრი ქუმისშვილი: სავალუტო ფონდის რეკომენდაციების განხილვა აქტიურად მიმდინარეობს

სავალუტო ფონდის რეკომენდაციების განხილვა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

"ამ წუთში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მათი რეკომენდაციების განხილვა. სავარაუდოდ, ამ კვირაში რეკომენდაციები შეჯერდება იმ სამოქმედო გეგმასთან, რომელიც სამუშაო პროცესში მთავრობას ჰქონდა შემუშავებული და უკვე ერთობლივი სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ თავის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გუშინ გამართა. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მისია იძლევა რეკომენდაციას, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას. "აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა.