საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაიზარდა - საქსტატი

2022 წლის II კვარტალში საქართველოში 176 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში მხოლოდ 127 ერთეული სამაცივრე მეურნეობა იყო - ინფორმაციას ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა (48.9 %) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (13.6 %), კახეთის რეგიონში (10.2 %), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (8.5 %), აჭარის ა.რ.-ში (5.7 %), ქვემო ქართლის რეგიონში (4.5%), იმერეთის რეგიონში (4.0 %), გურიის რეგიონში (1.7 %), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.7 %) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.1 %).

2022 წლის II კვარტალში მომსახურება გაეწია 311 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 587 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 267 კაცით განისაზღვრა.

ამასთან, 2022 წლის II კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 75.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 45.9% - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 13.1 %- ხილი და ბოსტნეული, 15.7 % - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.7 % - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2022 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 15.1%-ს - საკუთარი წარმოების, 17.9%-ს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 67.0%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.0 მლნ. ლარი შეადგინა.

2022 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 132.0 მლნ. ლარის ღირებულების (18.5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 14.8%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 31.2 %, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 54.1 პროცენტი.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 57.4% მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (44.7 %), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (26.6 %) და თევზეულზე (14.3 %) მოდის. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 35.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 26.5 %-ს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ხილი, ბოსტნეული, ქათმის ხორცი და თევზეული.

თამარ მუკბანიანი