ვინ დაკარგა ყველაზე მეტი მილიარდი 2014 წელს?

გასული წელი წარუმატებელი აღმოჩნდა ათი მილიარდერისთვის, რომელთა ქონებაც რამდენიმე მილიარდით შემცირდა.

"ფორბსის" მონაცემებით, ყველაზე მეტი - 10,3 მილიარდი დოლარი დაკარგა 2014 წელს ნიგერიელმა მილიარდერმა ალიკო დანგოტემ. ”ფორბსის” ცნობით, ცემენტის, შაქრისა და ფქვილის მაგნატმა ამხელა ზარალი ვალუტის დევალვაციისა და ცემენტზე შემცირებული მოთხოვნის გამო ნახა. მიუხედავად წარუმატებლობისა, ალიკო დანგოტი კვლავ რჩება ნიგერიის ყველაზე მდიდარ ადამიანად 14,7 მილიარდი დოლარით.

შემოსავლები შეუმცირდათ ”კაზინოს მეფეებსაც” - ჰონგ-კონგელ ლუი ჩე ვუსა და ამერიკელ შელდონ ადელსონს, რომელთა ქონებაც გასულ წელს შესაბამისად, 8,5 და 6,6 მილიარდი დოლარით შემცირდა.

რუბლის დევალვაციამ, ნავთობზე ფასების ვარდნამ და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა დიდი დარტყმა მიაყენა რუს მილიარდერებს, რომელთა ქონება საერთო ჯამში, გასულ წელს 86 მილიარდი დოლარით შემცირდა. თუმცა, ყველაზე მეტად ვლადიმერ ევტუშენკოვი დაზარალდა, რომელმაც შარშან 6,2 მილიარდი დოლარი დაკარგა. რუსი მილიარდერი გასული წლის ოქტომბერში ”ბაშნეფტის” საქმეზე ფულის გათეთრების ბრალდებით გაასამართლეს. თუმცა, დეკემბერში შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს.

შემოსავლების მხრივ 2014 წელი წარუმატებელი აღმოჩნდა H&M-ის მთავარი აქციონერის, შვედი სტეფან პერსონისთვის, რომელიც გასულ წელს 9,9 მილიარდ დოლარს შეელია.

2014 წელს მსოფლიოს 290 ახალი მილიარდერი შეემატა და საერთო ჯამში, პლანეტაზე მილიარდერთა რაოდენობამ 1 826-ს მიაღწია. ”ფორბსის” მონაცემებით, მსოფლიოს მილიარდერთა ქონებამ ჯამში 7,05 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

”ფორბსის” მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის თანახმად, პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად კვლავ ბილ გეითსი რჩება 79,2 მილიარდი დოლარით.