„მცირე რაოდენობით, თუმცა ხორბლის იმპორტი განახლდა“ - ლევან სილაგავა

მცირე რაოდენობით, თუმცა ხორბლის იმპორტი განახლდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განუცხადა. მისივე თქმით, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ბაზარზე დადებითი ტენდენცია იკვეთება.

„საქართველოში, მოსავლის აღება მალე დამთავრდება. მოსავლის ნაწილი ფერმერებმა დააბინავეს და არ ყიდიან. ტრადიციულად ელოდებიან უკეთეს ფასს სეზონის შემდეგ. ნაწილი იყიდეს წისქვილებმა და მიდის გადამუშავება. საუბარია მცირე წისქვილებზე, რომლებიც იგივე ზონაში არიან, სადაც ყანებია. ე.წ. სეზონური წისქვილები კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში.

დიდი, ინდუსტრიული წისქვილები კვლავ შეზღუდულად მუშაობენ. ძირითადად გადალაგდნენ ფქვილის იმპორტზე. თუმცა, რაღაც ნაწილს ხორბალი მაინც შემოაქვს. მცირე რაოდენობით, თუმცა ხორბლის იმპორტი განახლდა, რადგან მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე სასიკეთო ძვრები დაიწყო“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისი თქმით, ყველა დიდი წისქვილ-კომბინატი კვლავ გაჩერებულია. მხოლოდ საშუალო სიმძლავრეების მქონე წისქვილების მცირე ნაწილი და მცირე წისქვილები ამუშავებენ ადგილობრივ მოსავალს.

თამარ მუკბანიანი