193 ათასადმე  ფერმერმა პუტინისგან ხორბალზე საბაჟო გადასახადის გაუქმება მოითხოვა  - „ბაჟის გაუქმების შემთხვევაში წისქვილების მუშაობას აზრი ექნება“

რუსეთის ფერმერთა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაცია (AKKOR) მარცვლეულის წარმოების შესანარჩუნებლად სახელმწიფო ინტერვენციული ფონდის მიერ შესყიდვების გაზრდასა და მარცვლეულ კულტურებზე საექსპორტო გადასახადის გაუქმებას მოითხოვს.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ საბაჟო გადასახადი უკვე მკვეთრადაა შემცირებული და ახლა ხორბლის იმპორტიორები ტენდენციის გამოკვეთას ელოდებიან.

„ყველამ ვიცით, რომ უკრაინული დერეფანი ამუშავდა. ნელ-ნელა პორტები გაიხსნა და ამან მსოფლიო ბაზარზე გავლენა იქონია. მთლიანობაში რუსეთში შემცირებულია მცურავი ბაჟი და ამ მდგომარეობით ჩამოსულია 20 დოლარს ქვემოთ ერთ ტონაზე, მაშინ როცა ერთი თვის წინ იყო დაახლოებით 130 დოლარი. ჯერ კიდევ ველოდებით ტენდენციის გამოკვეთას.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთში ფერმერების დიდი ყრილობა გაიმართა, სადაც პრეზიდენტს მცურავი ბაჟის გაუქმების თხოვნით მიმართეს. მათი თქმით, ის შემაფერხებელია, რუსეთიდან მოსავლის გატანაში. გაერთიანება 30 წელია რაც არსებობს და იქ შედის 60-მდე ასოციაცია და 193 ათასი ფერმერთა მეურნეობა. ანუ, საკმაოდ დიდი ძალაა. შეიძლება ეს იყოს ტენდენციის შემქმნელი. მცურავი ბაჟის გაუქმების შემთხვევაში, ცხადია წისქვილების მუშაობას აზრი უბრუნდება. დაბრუნდება კონკურენცია და შესაბამისად, წისქვილები იმუშავებენ. ეს ზამთარში, სასურსათო უსაფრთხოებისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი.

ყველა ქვეყანა ემზადება ზამთრისთვის და ხორბლის მარაგებს ავსებს. მაგალითსთვის, ხორბლად 400 000 ტონა უკვე ნაყიდი აქვს აზერბაიჯანს. გუშინწინ პრეზიდენტი ალიევი გამოვიდა და თქვა, რომ თვითუზრუნველყოფა ხორბლით 80%-მდე უნდა ავიდეს, როცა აქამდე 62% ჰქონდათ. ხორბალს იმარაგებს სომხეთიც. ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია, გვქონდეს გარდამავალი მარაგები.

ფაქტია, ეკონომია მთლიანად მიება პოლიტიკას და ახლა, მთავარი აქცენტი ჩვენთვისაც ერდოღანი-ზელენსკის დღევანდელ შეხვედრაზეა მიმართული“, - განაცხადა ლევან სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, AKKOR-ის მიმართვას გუშინ საღამოს გამოეხმაურა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მათი თქმით, ხორბალზე საბაჟო გადასახადის გაუქმება არ განიხილება.

თამარ მუკბანიანი