გიორგი კვირიკაშვილი: სერიოზული განხილვა მიმდინარეობს გადასახადების შემცირების კუთხით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გადასახადების გაზრდას მთავრობა არ აპირებს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სავალუტო ფონდის მისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის კომენტირებისას განუცხადა.  "გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ, პირიქით, ძალიან სერიოზული განხილვა მიმდინარეობს გადასახადების შემცირების კუთხით. ამიტომ, ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერალიზაცია გვჭირდება. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, დიახ, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ხარჯების შემცირებაზე", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ხარჯების შემცირების გეგმას, ვიცე-პრემიერის განცხადებით, გეგმა უახლოეს დღეებში იქნება. მისი თქმით, ძალიან მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი."ბიუჯეტის კორექტირების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორად გავთვალოთ ყველა ხარჯები და ვფიქრობთ, უახლეს დღეებში იქნება გეგმა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ თავის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გუშინ გამართა. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მისია იძლევა რეკომენდაციას, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას. "აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა.