პუტინმა რუსი ფერმერების არცერთი მოთხვნა არ დააკმაყოფილა - მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადი არ გაუქმდება

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი გადასახადის გაუქმებას არ განიხილავს, რადგან, უწყების მტკიცებით, ეს მექანიზმი ეფექტურია. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მანამდე რუსეთის ფერმერთა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციამ (AKKOR) მარცვლეულის წარმოების შესანარჩუნებლად სახელმწიფო ინტერვენციული ფონდის მიერ შესყიდვების გაზრდა და მარცვლეულ კულტურებზე საექსპორტო გადასახადის გაუქმება მოითხოვა. ამ მოთხოვნით ასოციაციამ წერილით პუტინს მიმართა, რომელშიც AKKOR მიზეზად მიმდინარე წელს შიდა ბაზარზე მარცვლეულის ფასების კოლაფსს ასახელებს.

„მარცვლეულზე მცურავი საექსპორტო გადასახადის გაუქმება არ განიხილება და ის თავის ეფექტურობას ინარჩუნებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად აკონტროლებს ბაზარზე არსებულ ვითარებას და საჭიროების შემთხვევაში ამ მექანიზმს აკორექტირებს,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტრო ივნისის ბოლოდან გადასახდის გამოთვლის მექანიზმის რუბლებში კორექტირებას გულისხმობს, რამაც, უწყების განმარტებით, „შესაძლებელი გახადა, მარცვლეულის შიდა ბაზრის ღირებულებაზე მსოფლიო ფასების გავლენა და ვალუტის გაცვლითი კურსის დინამიკა შემცირებულიყო.“

რუსეთში ხორბლის, ქერის და სიმინდის ექსპორტზე მცურავი გადასახადი 2021 წლის 2 ივნისიდან მოქმედებს.

რაც შეეხება ACKOR-ის კიდევ ერთ წინადადებას, ინტერვენციული ფონდისთვის მარცვლეულის სახელმწიფო შესყიდვების გაზრდაზე, სამინისტრო აქაც უარზეა და მიუთითებს, რომ „მარაგების ზრდა არ იგეგმება.“

„მთლიანობაში, მარცვლეულის შეუმცირებელი მარაგის ფორმირება 3 მლნ ტონით იგეგმება. აღნიშნული მოცულობა ინტერვენციული ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რაც მარცვლეულის შესყიდვისა და შესანახი სიმძლავრეების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

პუტინისადმი მიმართვაში AKKOR წერს, რომ ამჟამად მარცვლეულის ფასი თვითღირებულებაზე დაბალია და ფერმერები შესაძლოა, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ. ამადენად, მკაცრი სანქციების ზეწოლის პირობებში საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება, კერძოდ, მარცვლეულზე სახელმწიფო კომპანიის შექმნა, რომელიც შიდა ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისგან პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს, ხოლო ფასების ზრდის შემდეგ, ფერმერები მისგან თავიანთ მოსავალს ადრინდელი, დაბალი ფასით გამოისყიდიან.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს კრასნოდარის მხარეში მარცვლეულის ღირებულება, თითქმის, მესამედით დაეცა და 2017 წლის დონეს მიუახლოვდა: ნოვოროსიისკის ტერმინალში კილოგრამის ფასი, დაახლოებით,14 რუბლია (0,23 დოლარია), ხოლო ადგილზე 12–12,5 რუბლად (0,19 დოლარად) იყიდება. ამასთან, მხარეში მარცვლეულის თვითღირებულება წელს შარშანდელზე მაღალია და საშუალოდ, 9-დან 10 რუბლამდე (0,14-0,16 დოლარამდე) შეადგენს. როსტოვის ოლქში მესამე კლასის კილოგრამ ხორბალზე ტრეიდერების საშუალო შესყიდვის ფასი 15 რუბლი (0,24 დოლარი), მეოთხე კლასზე 14,6 რუბლი (0,24 დოლარი), ხოლო მეხუთე კლასის ხორბალზე 12 რუბლი (0,19 დოლარი) დაფიქსირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ