,,ფერმერი, რომელიც  ყურძენს ვერ ყიდის, რესურსს  ფლანგავს, რადგან პროდუქტს აწარმოებს, რომელიც არავის სჭირდება" - ,,გირჩი” რთველის სუბსიდირებაზე

მთავრობა, რთველის სუბსიდირებას წელსაც გააგრძელებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 150 მლნ ლარი დაუჯდება. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ,,გირჩის" წევრი ფაქტს სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე დეტალურად ეხმაურება.

წერილში, "რთველი და სიღარიბეზე აშენებული პოლიტიკა" რაქვიაშვილი წერს, რომ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება - ბოროტებაა.

,,არსებობს მოლოდინი, რომ წელს ყურძნის ძალიან კარგი მოსავალი გვექნება. კარგ მოსავალს ყურძნის გაიაფება მოჰყვება. იაფი ყურძნით ფერმერთა ნაწილი გაწეულ ხარჯებს ვერ დაფარავს და ბევრი მათგანი ზარალში გავა. ქართული ტრადიციით კი, გაკოტრების წინ მყოფი ბიზნესმენი (ფერმერი თუ გლეხი, შინაარსობრივად ბიზნესმენია) თავისი თავის ნაცვლად მთელ სამყაროს ადანაშაულებს, ცხადია მთავრობის თამადობით. ბევრი, მთავრობით უკმაყოფილო ბიზნესმენი, ანუ კახელი ფერმერი და გლეხი, უკვე პოლიტიკური პრობლემაა. ხოლო, თითქმის 20 მილიარდიან ბიუჯეტში რომ 100-150 მილიონი ლარი იპოვო, რათა ათასობით კახელი გაახარო, არც ისე რთულია, განსაკუთრებით პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში, თან მაშინ, როცა ბევრ სხვა სექტორს უფრო დიდი თანხით ასუბსიდირებ. მაგალითისთვის, საბანკო სექტორი ეროვნული ბანკის წყალობით პირდაპირ თუ ირიბად ყოველწლიურად მილიარდობით სუბსიდირდება. რით არის კახელი გლეხი თბილისელ ბანკირზე უარესი?

ასე რომ, რაღაც გაგებით, რთველის სუბსიდირებაზე ბევრად უფრო დიდი პრობლემები გვაქვს, და თუ სექტორების სუბსიდირების გაუქმების შანსი გაგვიჩნდა, იგივე საბანკო სექტორით დაწყება უკეთესია, ვიდრე უფრო პატარა მასშტაბის პროგრამებით, რომლითაც სოფლის მეურნეობას ვაფინანსებთ.

თუმცა რთველის დაფინანსება, იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ, ერთი შეხედვით კეთილი მიზნებიდან გამომდინარე, ხელს ვუშლით განვითარებას და ხელს ვუწყობთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა სიღარიბეში გაატაროს თავისი ცხოვრება.

დავიწყოთ საწყისი პრობლემის აღწერით.

რას ნიშნავს, რომ ყურძნის ფასი დაბალია? სხვა სიტყვებით, რატომ არავინ იხდის მაღალ ფასს? ცხადია, იმიტომ რომ არ აფასებს, ანუ ეს ყურძენი ჩვენ მოქალაქეებს არ სჭირდება, ან ამ ყურძენს არ აქვს მათთვის მნიშვნელოვანი ღირებულება. რადგან ადამიანები ყურძენს არ აფასებენ, ისინი მასში დაბალ ფასს იხდიან ან არ ყიდულობენ საერთოდ. მეტიც, ამ ყურძენს არც სხვა ქვეყნებში აფასებენ, ანუ არც ისინი იხდიან ოდნავ მაინც მნიშვნელოვან ფასს (თორემ ექსპორტზე გავიტანდით). სხვა სიტყვებით, ეს ყურძენი ამ სამყაროში არავის სჭირდება.

ცხადია, როცა პროდუქტს აწარმოებ, რომელიც არავის სჭირდება, ქვეყანა ვერ მდიდრდება, რადგან რესურსები ფასის არმქონე პროდუქტზე იხარჯება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, იფლანგება.

ფერმერი, რომელიც მოყვანილ ყურძენს ვერ ყიდის, სინამდვილეში, თავის რესურსს და შესაძლებლობას ფლანგავს, რადგან პროდუქტს აწარმოებს, რომელიც არავის სჭირდება. ამიტომ მისი გაკოტრება მისთვისვე დახმარებაა, რადგან ამით ფერმერი იძულებული გახდება მომავალში სხვებისთვის სასარგებლო საქმით დაკავდეს. ამის მისაღწევი ყველაზე გავრცელებული გზა - ქალაქში საცხოვრებლად გადასვლაა, რის შედეგად სოფელში მხოლოდ ის ადამიანები დარჩებიან, ვისაც ყურძნის თუ სხვა პროდუქტის მოყვანა/წარმოება მომგებიანად შეუძლია, ანუ ისეთი პროდუქტის შეთავაზება ძალუძს, რომელსაც სხვა ადამიანები აფასებენ, ანუ მაღალ ფასს იხდიან.

თუ განვითარებული ქვეყნების მაგალითს შევხედავთ, რაც უფრო მდიდრდებოდა ქვეყანა, მით უფრო მეტი ადამიანი გადადიოდა ქალაქში საცხოვრებლად. ეს პროცესი სრულდება, როცა სოფელში რჩება მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1-3%. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან მოსახლეობის 40%-მდე არის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, ქალაქში გადინება მანამ გაგრძელდება, სანამ 10-ჯერ ნაკლები ფერმერი არ დაგვრჩება.

ეს ეფექტიანი ფერმერები ნაწილობრივ უკვე გვყავს. ზოგ მეღვინეობას თავისი ვენახი აქვს, ზოგი ფერმერის ყურძენი იმდენად ფასობს, რომ მას საერთოდ არც კი უჩნდება იდეა, იყოს მთავრობის იმედად. თუმცა ზოგადი სიღარიბის ფონზე ასეთი შემთხვევები ჯერ კიდევ გამონაკლისია.

ხშირად მესმის კითხვა, თუ რას გააკეთებს გლეხი ქალაქში?

ქალაქები იმიტომ გაჩნდნენ და განვითარდნენ, რომ ვაჭრობას უწყობენ ხელს, ვაჭრობა კი ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საქმიანობა. რომ არა ვაჭრობა, ჩვენ ქვის ხანაში ვიცხოვრებდით. ვაჭრობა კი არა მხოლოდ ვაჭრებს, არამედ მათ ირგვლივ მყოფ ხალხსაც ამდიდრებს, აჩენს რა მოთხოვნას ახალ პროდუქტებსა და მომსახურებაზე. რადგან ვაჭრობა საკუთრების უფლების დაცულობას და კონფლიქტების გადაჭრის მექანიზმებს საჭიროებს, ქალაქებში, ანუ ვაჭრობის ცენტრებში, სასამართლო და საკუთრების დაცვის ყველა სხვა სათანადო ინსტიტუტებიც იყრიან თავს. საბოლო ჯამში, ქალაქი - როგორც ვაჭრობის სივრცე, ბუნებრივად ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცევა. აქედან გამომდინარე, ქალაქები ბევრად უფრო დიდ შესაძლებლობებს აჩენენ, ვიდრე სოფელი, მითუმეტეს, მათთვის, ვინც იცის, თუ რა არის შრომა - მევენახეთა შორის კი ასეთები ბევრნი არიან.

თუმცა ეს - ქალაქში გადასახლების ბუნებრივი გზა - რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა, ჩვენთვის პრობლემურია, რადგან თანამედროვე საქართველოში არ მოიძებნა პრეზიდენტი ან ახლანდელ პოლიტიკურ სისტემაში პრემიერ-მინისტრი, რომელსაც სათანადო ფიზიოლოგიური დამახასიათებელი აქვს, რომ გაბედოს და გაკოტრების პირას მყოფ ფერმერებს, გლეხებს ან სხვა ბიზნესმენებს, დახმარებაზე უთხრას უარი და არ დაიწყოს ლამაზი სიტყვებით შეფუთული მორიგი სუბსიდირების პროგრამა.

შედეგად - ყველა მთავრობა, ამა თუ იმ ფორმით, სოფლის მეურნეობას ასუბსიდირებს. თუმცა ცნობილია, რომ მთავრობას თავისი ფული არ გააჩნია. მთავრობის ფული - მოქალაქეებისგან გადასახადების სახით შეგროვებული ფულია, ამიტომ როცა მთავრობა რთველს აფინანსებს, ის მოქალაქეებს ართმევს ფულს და ამ ფულს კახელ ფერმერებს გადასცემს. სხვა სიტყვებით, ჩვენ მოქალაქეებს (მათ შორის მეღვინეებს) მოყვანილი ყურძნის დიდი ნაწილი არ სჭირდება და მას არ ყიდულობს. ეს ფერმერების გაკოტრების რისკებს აჩენს. ფერმერები უკმაყოფილო არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მთავრობას ეშინია გაბრაზებული კახელების, ამიტომ ის მოქალაქეებს ართმევს ფულს და აძლევს კახელებს. კახელი ფერმერი აღარ კოტრდება. ყურძენი „გადამუშავდა“ და არავის აღელვებს, რა ხარისხის ღვინო გამოვიდა, ან სად წავიდა ეს ღვინო და წავიდა თუ არა საერთოდ სადმე. მთავარია, რომ კახეთში ხალხი კმაყოფილია. ის, რომ მათი კმაყოფილება დანარჩენი მოქალაქეების ხარჯზე იყო უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა ამორალურია, მაგრამ კახელებს სინდისი რომ არ აწუხებდეს, ხოლო სხვა მოქალაქეებს ბრაზი არ ავსებდეს, პოლიტიკოსების არსენალში უამრავი ლამაზი სიტყვაა: „ქართველობა“, „სოფლის გადარჩენა“, „მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნება“ და ა.შ.

ამ სიტყვების უხვად გამოყენება და ამით ადამიანების მოტყუება მით უფრო აუცილებელია, რომ ბიუჯეტი ჩვენ დეფიციტური გვაქვს, ანუ ჩვენი მთავრობა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე გადასახადებს აგროვებს. დეფიციტი კი ვალით იფარება. ვალით, რომლის გადახდა ჩვენი შვილების საქმეა. სხვა სიტყვებით, ჩვენ აქ რაღაცებს ვაფინანსებთ ჩვენი შვილების ხარჯზე. ზუსტად იმ მომავალი თაობების ხარჯზე, რომელზეც ზრუნვით ვართ ვითომ სულ დაკავებული, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდის, საპირისპიროს ვაკეთებთ და მათ ჩვენ პრობლემებს გაზვიადებული ფორმით ვუტოვებთ.

შედეგად, კახელი ფერმერი, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში უნდა გაკოტრებულიყო, დღემდე ფერმერობს. ის რომ 25 წლის წინ ქალაქში გადმოსულიყო საცხოვრებლად, ახლა ბევრად უფრო მდიდარი იქნებოდა. არა მარტო ის, ყველა ჩვენ უფრო მდიდრები ვიქნებოდით. თუმცა ჩათლახი პოლიტიკოსების გამო, რომლებიც წინასაარჩევნოდ თუ სხვა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ნებისმიერს დაურიგებენ ბიუჯეტის ფულს, და იმ ამომრჩევლის ქცევის შედეგად, რომელსაც ლამაზი ლოზუნგების სჯერა, კახელთა და ზოგადად სოფლად მცხოვრებთა დიდი ნაწილი დღემდე იმ საქმით არის დაკავებული, რომელიც არავის სჭირდება, არავინ აფასებს და არც არავინ დააფასებს. ჩვენი მთავრობების დამსახურებით, ასიათასობით ადამიანს ყველანაირად ვუბიძგებთ სოფელში დარჩნენ და სიღარიბეში იცხოვრონ, მხოლოდ იმიტომ, რომ გვეშინია სიმართლე ვაღიაროთ და ამ ხალხსაც ეს მძიმე სიმართლე დავანახოთ. სიმართლე, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა, ვერასდროს გახდება წარმატებული, რომ მათ ან მათ შვილებს, ადრე თუ გვიან, მოუწევთ ამ საქმეზე უარის თქმა, და სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა. ამის ნაცვლად კი ჩვენ ჩვენივე შვილებს ვართმევთ ფულს და ფერმერებს ვუხდით სიღარიბეში დარჩენის სანაცვლოდ, ამით კი, არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ ჩვენი მომავალი თაობის ცხოვრებასაც კი ვაუარესებთ.

ამიტომ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება - ბოროტებაა, რომლის ფასს ჩვენ ვიხდით ჩვენი მშობლების მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, და რომლის ფასს ჩვენი შვილებიც გადაიხდიან, თუ დროზე არ მოვედით გონს და ეს მავნებლობა არ გავაჩერეთ" - წერს პარლამენტარი.

თამარ მუკბანიანი