ლიცენზირებული Microsoft-ის შეძენა დაახლოებით 16-17 მილიონი ლარის ფარგლებში დაჯდება

ლიცენზირებული Microsoft-ის შეძენა დაახლოებით 16-17 მილიონი ლარის ფარგლებში დაჯდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების დასრულების შემდეგ განუცხადა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო აწარმოებდა მოლაპარაკებებს. "თუ არ ვცდები ეს იყო 16-17 მილიონი ლარის ფარგლებში, მაგრამ აქ არის გრაფიკი გადახდის, რომელიც დროშია გადანაწილებული. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთრების დაცვის კომპონენტის გაძლიერება საქართველოს ბიზნესკლიმატისთვის. მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისთვის და საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებისთვის. მსოფლიო ბანკის რეიტინგშიც ეს მუხლი მუდმივად იყო, როგორც სერიოზული მინუსი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ, ვინაიდან ჩვენ დავძლიეთ ის მანკიერი, პირატული მეკობრული პრაქტიკა, რომელიც არსებობს ჯერ კიდევ რეგიონის უმეტეს ქვეყნებში. ამიტომ საქართველო ამ კუთხით იქნება გამორჩეული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, აიკრძალება თუ არა ქვეყანაში არალიცენზირებული Windows-ი, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის თანდათანობითი პროცესი. "ეს არის პირველ რიგში მესიჯი მთავრობის მხრიდან, მათ შორის კერძო სექტორზე, რომ მთავრობა აძლევს მაგალითს კერძო სექტორს, ლეგალიზება მოვახდინოთ ლიცენზიების და უკანონოდ არ გამოვიყენოთ სავაჭრო ნიშნები. ეს იქნება თანდათანობითი პროცესი, აქ არ იქნება არანაირი ძალდატანებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, კანონის უზენაესობის დამკვიდრების ნაწილად განვიხილავთ ამას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.