რუსთავში ოთხი ახალი სკვერისა და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაციის პროექტები დასრულდა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, უკვე დასრულებულ პროექტებს, ადგილზე გაეცნო.

„რუსთავის თანაბარი განვითარება მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ვახორციელებთ. დღეისათვის 7 პროექტი უკვე დასრულებულია. ოთხ უბანში რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეები, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები მოეწყო. აღნიშნული პროექტები მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა და სწორედ მათი თხოვნით განხორციელდა. ასევე კეთილმოეწყო შიდა ეზოები და რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილის დაგების პროცესი დასრულდა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

თოდრიასა და ლერმონტოვის ქუჩებზე, მე-12-ე და მე-8 მიკრორაიონებში შიდა საუბნო სკვერები მოეწყო.

სკვერებში საფეხმავლო ბილიკებზე დაწნეხილი ბეტონის ფილები დაიგო, მოეწყო გაზონები, სარწყავი და გარე განათების სისტემები, ახალი მინი საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდა ტრენაჟორები. ფიროსმანის ქუჩის #31, 33, 35, 37, 37ა-ში შიდა ეზოების კეთილმოწყობა მოხდა, ოდიშარიას, 1-ლი მაისისა და გაგარინის ქუჩებზე კი ტროტუარების რეაბილიტაციისა და გაზონების მოწყობის პროცესი დასრულდა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 690 479 ლარით დაფინანსდა,“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.