გიორგი დოხტურიშვილმა წალკაში, ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა წალკაში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი დაათვალიერეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტი მასშტაბურია, მისი ღირებულება 1 694 858 ლარია და სამუშაოები სრულად ფინანსდება პროექტის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, მოეწყობა:

  • 2,8 ჰექტარ ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი სივრცეები;
  • ველობილიკი;
  • სკეიდბორდის მოედანი;
  • მინიმოედანი;
  • სატრენაჟორო სივრცეები;
  • ამფითეატრი;
  • საფეხმავლო ბილიკები.

ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეემატება წალკის მუნიციპალიტეტს. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას; ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტი, წალკის, გარდაბნის, ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტების მერებმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.