თორნიკე რიჟვაძე - ძველ ბათუმში მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პირველი სექტემბრიდან ძველი ბათუმის რეაბილიტაცია დააანონსა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმის განვითარებასთან ერთად, ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია.

მისივე განცხადებით, ძველ ბათუმში მხოლოდ არსებული სახლების, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდება. ძველ ბათუმს ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და კოეფიციენტი არ გაიზრდება.

„ძველი ბათუმის კონტექსტში ამ ცვლილებებმა გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია, ამიტომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები ძველ ბათუმს არ ეხება. მორატორიუმის რეჟიმი შენარჩუნდება, კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია მოხდება.

პირველი სექტემბრიდან მინდა ბათუმის მუნიციპალიტეტს და მერიას ვთხოვო, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსის გამოძებნა მოვახდინოთ, რათა კონკრეტული კვარტლების რეაბილიტაცია მაქსიმალურად მალე შევძლოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის იერსახე. ძველ ბათუმში კოეფიციენტი არ გაიზრდება და 12 მეტრიანი შეზღუდვა ძალაში რჩება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით ეს სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა,” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.