რუსეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ ვალუტის გატანაში რეკორდს ამყარებენ

ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა უცხოურ საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე მთლიანობაში 266,1 მლრდ რუბლის უცხოური ვალუტა, ანუ 4,7 მლრდ დოლარი განათავსეს. ინფორმაციას РБК რუსეთის ბანკის სოჯახო ტრანზაქციების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბანკის მიერ, სულ მცირე, 2018 წლიდან მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნების მთელი პერიოდის განმავლობაში ეს მაჩვენებელი რეკორდულია. მაისთან შედარებით, არარეზიდენტ ბანკებთან ტრანზაქციების მოცულობა სამჯერ გაიზარდა, რადგან ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მანამდე რუსების მიერ დანაზოგების უცხოურ საკრედიტო ორგანიზაციებში გადარიცხვების ზრდა კრიზისის დასაწყისში, ანუ თებერვალში დაფიქსირდა, როცა ასეთი ტრანზაქციების მოცულობამ 4,3 მლრდ დოლარს მიაღწია.

მთლიანობაში, 1-ლი ივლისის მდგომარეობით, რუსულმა ოჯახებმა საზღვარგარეთის ბანკებში 2,29 ტრლნ რუბლი, ანუ 44,7 მლრდ დოლარი შეინახეს, ხოლო ნაშთები ივნისში 11.6%-ით გაიზარდა მაშინ, როცა მაისში მხოლოდ 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რუსეთის ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, რუსებს ანგარიშებსა და დეპოზიტებზე უცხოურ ვალუტაში 3,93 ტრლნ რუბლი, ანუ 76,7 მლრდ დოლარი ჰქონდათ, წლის დასაწყისიდან კი ეს ნაშთები 20,2%-ით, ანუ 19,4 მლრდ დოლარით შემცირდა. ცენტრალური ბანკის სტატისტიკიდან, ასევე, ირკვევა, რომ წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, უცხოური ვალუტაში ნაღდი ფულის მოცულობა მოსახლეობის ხელში 13,5%-ით, ანუ 11,5 მლრდ დოლარით გაიზარდა. ამავე პერიოდში საზღვარგარეთის საბანკო ანგარიშებზე უცხოური ვალუტის მოცულობა 46,1%-ით, 14,1 მლრდ დოლარით გაიზარდა.

1-ელ მარტს ცენტრალურმა კრედიტორმა რუსულ ბანკებს „არამეგობრული“ ქვეყნების არარეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გადარიცხვების განხორციელება აუკრძალა. 6 მარტს მარეგულირებელმა შეზღუდვები რეზიდენტი მოქალაქეებისთვისაც დააწესა და საზღვარგარეთ გადარიცხვებზე 5 000 დოლარის ლიმიტი დაადგინა. აპრილიდან ლიმიტი 10 000 დოლარამდე, მაისის შუა რიცხვებიდან 50 000 დოლარამდე, 1-ლი ივლისიდან კი მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ