შემოსავლების სამსახურის მიერ, მიღებული მომსახურების შეფასება მომხმარებელთა მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, უწყებამ ვალდებულება აიღო, ერთი მხრივ გადასახადის გადამხდელთათვის ელექტრონულ სერვისებზე მაქსიმალურად მარტივი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, ხოლო მეორე მხრივ უკუკავშირის სისტემა დანერგოს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას და მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაზიარებას შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის, მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, შედგენილი კითხვარის მეშვეობით, 2022 წლიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შემოსავლების სამსახურის შემდეგ სერვისის გამწევ არხებსა და დეპარტამენტებზე მათ მიერ მიღებული მომსახურება/ინფორმაცია შეაფასონ:

  • ვებგვერდი - www.rs.ge
  • საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი 2 299 299
  • RS ჩათი
  • Info@rs.ge
  • მოქალაქეთა მომსახურების სერვის ცენტრებში მიღებული სერვისი (Face to Face)
  • დავების დეპარტამენტი

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან აღნიშნულ ჩამონათვალს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი და აუდიტის დეპარტამენტი დაემატება.

„აღსანიშნავია, რომ სწორედ მომხმარებელთა (1-ლი იანვრიდან დღემდე უკუკავშირი 8 500 მომხმარებელმა დატოვა) რეკომენდაციების საფუძველზე RS ჩათსა და სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს ინგლისურენოვანი თანამშრომლები დაემატა. ამასთან, სრულად განახლდა RS ჩათის თანამშრომელთა შემადგენლობა და ამავე სერვისის გამწევი არხის საბაჟო მიმართულების ასამუშავებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

შემოსავლების სამსახურის მიერ, დანერგილი უკუკავშირის სისტემის მიზანია დაინტერესებულ მომხმარებელთა მოსაზრებების მიღება, რომლის მოდულებში, საჭიროების დადგენის შემთხვევაში ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.