გადასახადების გაზრდაზე სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესრულებას რეფერენდუმი სჭირდება

ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება, ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

ამას საქართველოს კონსტიტუცია და "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანული კანონი ითვალისწინებს.  კანონის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.

ამასთან, "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანულ კანონში ნათქვამია, რომ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), იმპორტის გადასახადი და აქციზი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იძლევა რეკომენდაციას, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას. "აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა.