ევროკავშირმა პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის რეფორმების მხარდასაჭერი პროექტი დაიწყო

ევროკავშირმა პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის რეფორმების მხარდასაჭერი პროექტი დაიწყო.

პროექტის სახელწოდებაა "დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი". მისი პრეზენტაცია დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბორის იაროშევიჩი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გაიოზ თალაკვაძე, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტი 36 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებასა და მხარდაჭერას უნარების განვითარების, პოლიტიკის მართვისა და მონიტორინგის, სარეფორმო ღონისძიებების შეფასებისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. როგორც ბორის იაროშევიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროექტი დაეხმარება ქვეყანას სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

"ჩვენ კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ საქართველოს მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები აქვს. ასევე ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველო გარკვეულ რეფორმებს და ღონისძიებებს ატარებს იმისათვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს, მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს პროფესიული განათლება და მისი კავშირი დასაქმებასთან", - აღნიშნა ბორის იაროშევიჩმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები რეფორმის ყველა დონეზე უზრუნველყოფენ, რომ გადადგმული ნაბიჯები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს და პროფესიული განათლება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა. პროექტის გუნდი შედგება 8 საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტისგან. პროექტის ბიუჯეტს ევროკავშირი უზრუნველყოფს და 2,7 მილიონ ევროს შეადგენს.