ტრანსკასპიური მარშრუტისთვის კასპიის ზღვის პორტების პოტენციალი იზრდება - როგორია საქართველოს როლი

ტრანსკასპიური მარშრუტისთვის კასპიის რეგიონის ქვეყნები თავიანთი პორტების პოტენციალს ზრდიან, ხოლო აზერბაიჯანს ამ ჯაჭვში მთავარი ადგილი უკავია და რეგიონში ნავთობისა და გაზის მიწოდების ჰაბად ყალიბდება. ამის შესახებ რუსული Sputnik წერს.

გამოცემის მონაცემებით, მაგალითად, ყაზახეთიდან ნავთობის წარმოება და ექსპორტი წელს სტაბილურ ზრდას აჩვენებს: იანვრიდან მაისამდე ქვეყანამ 31,9 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა, რაც წინა წელთან შედარებით 5,5%-ით მეტია. ამასთან, ქვეყნიდან „შავი ოქროს“ ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში 12%-ზე მეტად, 30,2 მლნ ტონამდე გაიზარდა. ყაზახეთი მიმდინარე წლის ბოლომდე ნავთობის ექსპორტის 85,5 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს, „რისთვისაც ქვეყანა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მიწოდების ალტერნატიულ გზებს განიხილავს.“

Sputnik-ის ინფორმაციით, გასულ კვირას „ყაზმუნაიგაზის“ გამგეობის თავმჯდომარე, მაგზუმ მირზაგალიევი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის პრეზიდენტ როვშან ნაჯაფს შეხვდა. ბაქოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კომპანიებს შორის ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარებაში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. მირზაგალიევი საქართველოშიც ჩამოვიდა და ბათუმის ნავთობტერმინალის, ასევე, ბათუმის საზღვაო პორტის მუშაობას გაეცნო.

თავად აზერბაიჯანი ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარებისთვის ბოლო წლებში ბაქოს პორტის, კერძოდ, დუბენდის ნავთობტერმინალის გაფართოებაზე მუშაობს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გასულ წელს დუბენდის ტერმინალით მიწოდებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, 2020 წელთან შედარებით, 2,3-ჯერ გაიზარდა და 1,1 მილიონ ტონას გადააჭარბა. აზერბაიჯანი ყოველწლიურად 27 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს და 22 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის ექსპორტს ეწევა. ამასთან, უახლოეს წლებში გაზის ექსპორტის წელიწადში 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება.

„ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობით მხარეებს შეუძლიათ, უზრუნველყონ ყაზახური ნავთობის მიწოდება ევროკავშირის ბაზრებზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და ბაქო-ბათუმის პორტების მეშვეობით, ხოლო შემდგომ შავი ზღვის გავლით რუმინეთში ტრანსპორტირებით. ამრიგად, კასპიის რეგიონიდან ევროზონის ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი შესაძლოა, მნიშვნელოვანი დერეფანი გახდეს,“ - წერს Sputnik.

ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ყასიმ ტლეპოვმა გასულ თვეში განაცხადა, რომ კასპიის ზღვაზე საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად ყაზახეთი 10 გემისგან საკუთარი საბორნე ფლოტისა და ახალი პორტის აშენებას გეგმავს. ასევე, დაგეგმილია, რომ ბაქოს პორტში ტრანზიტის შემდეგ ყაზახური ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენით მოხდეს. ამ ნავთობსადენის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 60 მილიონი ტონაა, თუმცა გასულ წელს მისი ფაქტობრივი დატვირთვა მხოლოდ 26 მილიონ ტონას შეადგენდა.

„აზერბაიჯანული ნავთობის საექსპორტო მაჩვენებლების შემცირების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, ნავთობის მიწოდება მილსადენით ყაზახეთიდანაც მოხდეს. იქნება ეს მიწოდება საზღვაო და სარკინიგზო გზით ან ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაიჯანი, როგორც შუამავალი ქვეყანა, შემოსავალს მიიღებს ბაქოს პორტში ნავთობის ტრანზიტიდან და ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამოყენებითაც,“ - წერს Sputnik.

ამასთან, აზერბაიჯანი ირანიდან თურქმენული „ლურჯი საწვავის“ იმპორტის გაზრდაზე მუშაობს, რომ თავისი გაზის ექსპორტი გაზარდოს. გამოცემის მონაცემებით, ქვეყანაში წარმოებული გაზის 30%-ზე მეტი შიდა მოხმარებისთვის გამოიყენება, ამიტომ აზერბაიჯანს შეუძლია, ქვეყნის შიდა მოხმარება იმპორტირებული იაფი თურქმენული ან ირანული საწვავით უზრუნველყოს, ხოლო აღნიშნული 30% ექსპორტზე ევროკავშირში გაიტანოს.

Sputnik-ის შეფასებით, ევროზონაში ენერგიის ფასების ზრდის ფონზე, აზერბაიჯანი გაზის ექსპორტიდან უფრო მაღალ შემოსავალს მიიღებდა. ქვეყანა მომავალში, ასევე, შესაძლოა, რეგიონის გაზის ჰაბი გახდეს, ანუ თურქმენეთი და ირანი გაზს აზერბაიჯანს მიაწვდიან, იქიდან კი მზა ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ირანული ან თურქმენული გაზის მოცულობა საქართველოს გავლით, ჯერ თურქეთს, შემდეგ კი გაზის სამხრეთ დერეფნით ევროკავშირს მიეწოდება.

კასპიის ზღვის პორტების წლიური გამტარიანობა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

აზერბაიჯანი:

  • ბაქოს პორტი - 5,9 მლნ ტონა
  • დუბენდის პორტი - მილიონი ტონა
  • სანგაჩალის პორტი - 8 მლნ ტონა

ყაზახეთი:

  • აქტაუს პორტი - 14,7 მლნ ტონა
  • კურუკის პორტი - 6 მლნ ტონა
  • ატირაის პორტი - 1,8 მლნ ტონა

თურქმენეთი:

  • გარაბოგაზის პორტი - 15 მლნ ტონა
  • თუქმენბაშის პორტი - 17 მლნ ტონა
  • ხაზარის პორტი - 2,5 მლნ ტონა

ირანი:

  • ასტარის პორტი - 2,5 მლნ ტონა
  • ბენდერ ენზელის პორტი - 6 მლნ ტონა
  • ნოვშახრის პორტი - 1,5 მლნ ტონა
  • ენზელის პორტი - 6 მლნ ტონა

მოამზადა ლადო სულაბერიძემ