საქართველოს ყავის იმპორტი 27%-ით გაუძვირდა - შემცირებული მოსავლის ფონზე, მსოფლიო ფასების ზრდის მოლოდინშია

2022 წლის 7 თვეში საქართველოში ყავის იმპორტი გაიზარდა, ამასთან, წელს ქვეყანას ყავა უკვე 27%-ით გაუძვირდა. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს - შემცირებულ მოსავალს მწარმოებელ ქვეყანაში, დიდი ალბათობით, საქართველოს ყავის იმპორტი კიდევ გაუძვირდება. ცნობისათვის, ბრაზილიაში ყავის წარმოება მცირდება.

რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, საქართველომ 2022 წლის 7 თვეში 4,422 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 15,510 მლნ დოლარი გადაიხადა. შესაბამისად, გამოდის, რომ საშუალოდ ერთი ტონა 3 507 დოლარი დაჯდა. 2021 წლის იანვარ-ივლისში კი საშუალო ფასი ტონაზე 2 760 დოლარს შეადგენდა, კერძოდ, შარშან 9,317 მლნ დოლარის ღირებულების 3,375 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა.

ქვეყნები, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყავას ყიდულობს:

  • ინდონეზია - 2 388 ტონა (5,903 მლნ დოლარი)
  • ვიეტნამი - 595,1 ტონა (1 448 მლნ დოლარი)
  • რუსეთი - 349,4 ტონა (1 724 მლნ დოლარი)
  • გერმანია - 227,6 ტონა (1,532 მლნ დოლარი)
  • იტალია - 148,9 ტონა (1,653 მლნ დოლარი)
  • სომხეთი - 137,5 ტონა (471,7 ათასი დოლარი)
  • შვეიცარია - 118,4 ტონა (411,3 ათასი დოლარი)
  • საბერძნეთი - 100,2 ტონა (263,6 ათასი დოლარი)
  • საბერძნეთი - 76,6 ტონა (272,2 ათასი დოლარი)
  • თურქეთი - 69 ტონა (503 ათასი დოლარი)

რაც შეეხება მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანას - ბრაზილიას, წელს საქართველოს იქ ყავა არ უყიდია. 2021 წელს კი ბრაზილიიდან 38,4 ტონა ყავა შემოვიდა (93,7 ათასი დოლარის ღირებულების), ეს კი ყავის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 0,6%-ია.