საქართველო 2017 წელს ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს

2017 წელს საქართველო ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით იმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.  მისი განმარტებით, აღნიშნული კონფერენცია საერთაშორისო, ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ფორუმია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ევროპისა და აზიის ცნობილი და განვითარებადი, ზაფხულისა და ზამთრის კურორტები.

"ღონისძიებას 300-ზე მეტი სამთო კურორტის ხელმძღვანელი, ასევე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტი ტალებ რიფაი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ''ევროპისა და აზიის რიგით მე-3 სამთო კურორტების კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების კუთხით - როგორია თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები საბაზო და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მხრივ, რა ახალი ტურისტული პროდუქტები ვითარდება სამთო კურორტებზე სეზონის გახანგრძლივების მიმართულებით და რა ინოვაციური მეთოდები გამოიყენება სამთო კურორტების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. კონფერენცია ასევე წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას ინვესტორთა მოსაზიდად ბიზნესის ამ სფეროში", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ევროპისა და აზიის რიგით მე-3 სამთო კურორტების კონფერენცია 2015 წლის 14-16 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში, ქალაქ ულსანში გაიმართება, სადაც ქართული მხარე პრეზენტაციას გამართავს 2017 წლის მასპინძელი ქვეყნის შესახებ.