მოსკოვის სავაჭრო ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობა 4-წლიან მინიმუმამდე დაეცა

მოსკოვის სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის დასწრების დონე 2022 წლის აგვისტოს პირველ კვირებში, ბოლო სამი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე დაბალია. ამის შესახებ Rstat Index-ისა და Mall Index-ის დასწრების ინდექსის მონაცემებში წერია, რაც ათას კვადრატულ მეტრის სავაჭრო ფართობის მიხედვით გამოითვლება. ინფორმაციას РБК ავრცელებს.

Mall Index-ის მიხედვით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრების დასწრება აგვისტოს პირველ ნახევარში, 2021 წელთან შედარებით, 11%-ით ნაკლები, 2020 წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 23%-ით ნაკლები იყო. შედარებით მსგავსი მონაცემები აქვს Rstat Index-საც, რომლის მაჩვენებლებიც შესაბამისი რიგით 9, 18 და 39%-ით არის შემცირებული. ამდენად, აგვისტოს ამოყიდვებმა, მათ შორის ბაზრის სრულად დატოვებამდე შვედური ჯგუფის, H&M-ის მაღაზიების დროებითმა გახსნამ სავაჭრო ცენტრების დასწრების მაჩვენებელი ვერ გამოასწორა.

Mall Index-ის მონაცემებით, მთლიანობაში რუსეთის სავაჭრო ცენტრებში ვიზიტორები აგვისტოს პირველ ნახევარში, გასულ წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლები, ხოლო 2019 წელთან შედარებით 19%-ით ნაკლები იყო. თუმცა 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 3%-ით მეტი აღმოჩნდა, როცა ზოგიერთ რეგიონში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებდა.

სავაჭრო ცენტრების დასწრება მარტში შემცირდა, როცა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების საპასუხოდ, ბევრმა უცხოურმა ბრენდმა რუსეთში ოპერაციები შეაჩერა. H&M-ის გარდა, რომელიც, ამავე სახელწოდების ბრენდთან ერთად, COS-ის, Monki-ის, Arket-ისა და სხვა ქსელს ფლობს, მაღაზიები Inditex ჯგუფმაც დახურა. ის Zara-ს, Massimo Dutti-ს, Oysho-სა და სხვა ბრენდებს აერთიანებს. ბაზარი, ასევე, Uniqlo-მ, IKEA-მ და სხვა კომპანიებმა დატოვეს.

წლის დასაწყისიდან რუსეთის სავაჭრო ცენტრებს, გასულ წელთან შედარებით, საშუალოდ, 6%-ით ნაკლები, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 20%-ით ნაკლები მომხმარებელი ეწვია. Mall Index-ის მონაცემებით, მოსკოვში დასწრების ინდექსი 2021 წლის დონეზე 5%-ით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 23%-ით დაბალი იყო.

Rstat Index კომპანია Antivor-ის მიერ გამოითვლება, ხოლო Mall Index-ს Focus Technologies ადგენს. მათ მონაცემებს რუსეთის უმსხვილესი საცალო მოვაჭრეები და სავაჭრო ცენტრების მფლობელები იყენებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ