Bloomberg  - Credit Suisse-ს  რამდენიმე ფილიალი შესაძლოა, დაიხუროს

შვეიცარიის წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Credit Suisse-ის განყოფილებების უმეტესობა დაშლის რისკის ქვეშ იმყოფება, რისი მიზეზიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შემოსავლის დიდი ვარდნაა. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტო წერს, რომ უარეს შემთხვევაში შესაძლოა, ბანკის 2/3-მდე ფილიალი დაიხუროს. Bloomberg-ის შეფასებით, საინვესტიციო ბანკმა ამერიკულ ფინანსურ კონგლომერატთან მრავალწლიან კონკურენციას ვერ გაუძლო და წლის პირველ ექვს თვეში, დაახლოებით, მილიარდი დოლარი დაკარგა. ინსაიდერები არ გამორიცხავენ იმ ვარიანტსაც, რომ საინვესტიციო ბანკმა ცალკე განყოფილების სახით არსებობა შეწყვიტოს.

Credit Swiss-ის წარუმატებელი ინვესტიციები Archegos Capital Management-სა და Greensill Capital-ს უკავშირდება, რომლებიც გასულ წელს გაკოტრდნენ. ამან შვეიცარული ბანკის კონკურენტუნარიანობა დააზიანა. Bloomberg-ის ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი 2010-იანი წლების დასაწყისში Credit Suisse უმსხვილესი გლობალური საინვესტიციო ბანკების ხუთეულში შედიოდა, ამჟამად შვეიცარული ფინანსური გიგანტის პოზიციები შეირყა.

19 აგვისტოს Credit Suisse-ის მთავარმა აქციონერმა, ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Harris Associates-მა საკრედიტო ინსტიტუტს საინვესტიციო განყოფილების მუშაობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. კომპანია მიიჩნევს, რომ სასურველი ვარიანტია საინვესტიციო განყოფილების რეფორმირება, რომ მომავალში მან მდგრად მომგებიანობას მიაღწიოს. თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში, Harris Associates-ში ალტერნატიულ გადაწყვეტილებებსაც არ გამორიცხავენ, როგორიც არის გაყიდვა ან ცალკე ორგანიზაციის სახით გამოყოფა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ