სატესტო მიწოდება - თურქული დელივერ კომპანია ბოსფორში მცურავ იახტას დრონით მოემსახურა

თურქეთის წამყვანმა ონლაინ მიწოდების აპლიკაცია Yemeksepeti-მ ბოსფორის სრუტეში მცურავ მცირე იახტაზე შეკვეთა წარმატებით მიაწოდა, რაც კომპანიისთვის სატესტო მომსახურებას წარმოადგენდა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Hürriyet ავრცელებს.

ეს პროექტი Yemeksepeti-ისთვის მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის „მიზნად ისახავს მიწოდების სერვისს შორეულ ადგილებში.“

დრონმა შეკვეთილი საკვები პროდუქტი, რომელიც, დაახლოებით, 3,5 კილოგრამს იწონიდა, რესტორნიდან სტამბოლის ბებეკის რაიონის სანაპიროსთან, მცირე იახტაზე მყოფ მომხმარებელს მიაწოდა.

Yemeksepeti დრონების მიწოდების პროექტისთვის კომპანია Tekno Kurgu-სთან გაერთიანდა.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სურსათის დრონებით მიწოდება, საჭირო ინფრასტრუქტურისა და არსებული რეგულაციების განახლების წყალობით, უფრო ფართოდ გავრცელდება და ახალ შესაძლებლობებს დანერგავს მათთვის, ვინც ქალაქების შორეულ რიონებში ცხოვრობს.“ ამასთან, Yemeksepeti-ში აცხადებენ, რომ კომპანია დრონებით მიწოდებაში პიონერობასა და ახალი ტესტების ჩატარებას გააგრძელებს.

Yemeksepeti 2001 წელს დაარსდა და თურქეთში საკვები პროდუქტების ონლაინ შეკვეთების პირველი კომპანია იყო. ამჟამად Yemeksepeti თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის 81 პროვინციაში მილიონობით მომხმარებელს ემსახურება და 50 ათასზე მეტი პარტნიორი რესტორანი ჰყავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ