ბათუმში ბიზნეს ფორუმს სამი ქვეყნის მინისტრები დაესწრებიან

ბათუმში დაგეგმილ მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს სამი ქვეყნის მინისტრები დაესწრებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან, ნიჰათ ზეიბექჩისთან და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან, შაჰინ მუსტაფაევთან ერთად ბიზნეს ფორუმს დაესწრება, რომელიც ხვალ, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, ფორუმში ქართული, თურქული და აზერბაიჯანული კომპანიების 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მათი ინტერესის სფეროს ძირითადად სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციების, ტექსტილისა და მრეწველობის სფეროები წარმოადგენს. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია B2B შეხვედრებიც, სადაც სამი ქვეყნის ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები.

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს მხარდაჭერით იმართება.