ევროპის გაზსაცავებში გაზის მოცულობამ გასული ზამთრის მაქსიმალურ დონეს უკვე გადააჭარბა

ევროპის ქვეყნების მიწისქვეშა საცავებში გაზის რეზერვების დონემ 2021-2022 წლების გასული ზამთრის სეზონის მაქსიმალურ დონეს გადააჭარბა. ამის შესახებ Gas Infrastructure Europe-ის (GIE) მონაცემებში წერია.

21 აგვისტოს მდგომარეობით, გაზის მარაგი ევროპის საცავებში 77,42%-მდე გაიზარდა, რაც, ბოლო ხუთი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,19 პროცენტული პუნქტით მეტია.

ამჟამად საცავებში უკვე, დაახლოებით, 83,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზია დაგროვილი, მაშინ, როცა შარშან საცავების მაქსიმალური შევსების დონემ 83 მილიარდ კუბურ მეტრზე ოდნავ მეტს, ანუ 77,28%-ს მხოლოდ 21 ოქტომბერს მიაღწია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ მიწისქვეშა გაზსაცავები 80%-ით ვადაზე ადრე შეავსო და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ჩატუმბვის პროცესს ისევ გააგრძელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ