რა მიზეზით სურთ საქართველოში სამსახურის შეცვლა

კომპანია "ინსორსის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულ რესპონდენტთა 80%-ს სურს სამსახურის შეცვლა.

რეკრუტინგული და საკონსულტაციო კომპანიის ინფორმაციით, კვლევის დროს გამოიკვეთა ცვლილების სურვილის სამი ძირითადი მიზეზი: კარიერული წინსვლა, ანაზღაურება, სფეროს შეცვლა.

გამოკითხულთა მცირე ნაწილმა სამსახურის შეცვლის შემდეგი მიზეზები დააფიქსირა: 8% - არასტაბილური გარემო, ხშირი ცვლილებები; 7% - ნაკლებად საინტერესო სამუშაო, 6% - ორგანიზაციული კულტურა.

"ინსორსის" კვლევის მიხედვით, სამსახურის შეცვლის სურვილი უმეტესად ფინანსისტებმა, მარკეტერებმა და HR მენეჯერებმა დააფიქსირეს. მცირეა სამსახურის შეცვლის სურვილი ისეთ პროფესიებში, როგორიცაა: იურისტი (6%), ლოჯისტიკა/შესყიდვები (4%), ბუღალტერი (3%).

სამსახურის შეცვლის მაღალი სურვილი უმეტესად ფინანსურ ინსტიტუტებში ფიქსირდება (ბანკი, დაზღვევა, მიკროსაფინანსო). მცირეა ცვლილების სურვილი შემდეგ ინდუსტრიებზე: წარმოება - 6%, საჯარო სექტორი - 6%, მომსახურება - 4%.

"კვლევის შედეგებით შეგვიძლია კვლავ კიდევ ერთი დასკვნის გამოტანა: პოსტკრიზისული და კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობისას, სამსახურის შეცვლის სურვილი მაღალია ორი მნიშნველოვანი მიზეზის გამო: ა) თანამშრომლები ნაკლებად ელოდებიან მიმდინარე დამსაქმებელთან კარიერულ ზრდას, ან ანაზღაურების ზრდას, ბ) მაღალია არასტაბილურობის განცდა მიმდინარე დამსაქმებელთან, ბიზნესის მცირე ან ფაქტიურად შეჩერებული ზრდის/განვითარების გამო", - ნათქვამია "ინსორსის" ანგარიშში.

კვლევაში მონაწილეობა 1 750-მა ადამიანმა მიიღო, გამოკითხვის ყველა მონაწილე დასაქმებულია.

bpn