ნოდარ ხადური: ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება გარე შოკებით არის გამოწვეული

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება გარე შოკებით არის გამოწვეული.

როგორც ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, წელს ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია. მათ შორის ინფრასტრუქტურული მიმართულებით. კითხვაზე, მაშინ რატომ ამცირებს საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს განპირობებულია გარე შოკებით.

"ჩვენს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებში და ეს არ შეეხება მხოლოდ რუსეთს, ეკონომიკური პროცესები არის გაუარესებული, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორში, როგორიცაა აზერბაიჯანი, რომელსაც ნავთობის გაიაფებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი აისახება საქართველოს ეკონომიკაზე", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კითხვაზე, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წილი საერთოდ არ არის იმაში, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-დან 2%-მდე მცირდება, ხადური პასუხობს, რომ "მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წილი არის ის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც პოზიტიური ზრდის პროგნოზი აქვს".