80%-იანი ინფლაცია და გაუფასურებული ლირა - თურქეთის ეკონომიკური პრობლემების ანატომია

ინფლაცია დღეს მთელი მსოფლიოს თავის ტკივილია. ფასები რეკორდულად იზრდება ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა სახელმწიფოებში, თუმცა ის ქვეყანა, რომლისთვისაც ეს პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულია, თურქეთია.

თურქეთში ინფლაციას კარგად იცნობენ. 70-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში ინფლაციის დონე თითქმის ყოველთვის ორნიშნა იყო, 1980 წელს კი ისტორიულ მაქსიმუმს, 138.7%-ს მიაღწია.

2000-იანი წლებიდან ქვეყანაში რეფორმები გატარდა, შემოიღეს ახალი ლირა და ეროვნული ბანკი ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელი. ამ ყველაფერმა მეტ-ნაკლები სტაბილურობა მოიტანა და ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებლამდეც შემცირდა.

თუმცა პანდემიამდელ პერიოდში ინფლაციამ კვლავ ზრდა დაიწყო, რაც პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ინვესტორების უარყოფითმა განწყობებმა გამოიწვია. ერთ-ერთ მთავარი ფაქტორი აშშ-თურქეთს შორს დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვა და სანქციები იყო. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა სავაჭრო არეულობამ კი კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდამ თითქმის 80%-ს, ორი ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია - მოსახლეობას სურსათზე ფასების მკვეთრ ზრდასთან გასამკლავებლად და ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ზეგანაკვეთური მუშაობა და დამატებითი სამსახურების მოძებნა უწევთ.

sss-1661337387.jpg

პურის რიგი სტამბოლში, 2021 წლის დეკემბერი. ფოტო: REUTERS/Umit Bektas.

როგორც წესი, ეროვნული ბანკები ინფლაციის ზრდასთან ერთად მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ და საპროცენტო განაკვეთს ზრდიან, რითაც ფულის მიმოქცევა მცირდება. ეს უკანასკნელი ინფლაციის შენელებას კი იწვევს, თუმცა ეკონომიკური აქტივობის შემცირების ხარჯზე.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც 19 წელია ქვეყანას მართავს, ამ პოლიტიკის წინააღმდეგია.

“საპროცენტო განაკვეთები ყველა ბოროტების სათავეა... ისინი მდიდრებს კიდევ უფრო ამდიდრებენ, ღარიბებს კი უფრო მეტად აღარიბებენ“, - ასეთია განაკვეთების მიმართ თურქეთის პრეზიდენტის დამოკიდებულება, რომელიც ემთხვევა ისლამური საფინანსო სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს სესხზე საპროცენტო განაკვეთების დაწესების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ერდოღანმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე დაითხოვა ეროვნული ბანკის მმართველი და მათ შორის იმ მიზეზითაც, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ეწინააღმდეგებოდნენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი ქვეყანაში მხოლოდ ფურცელზეა დამოუკიდებელი და ინსტიტუციური თავისუფლება არ გააჩნია.

მეტიც, ერდოღანმა სტატისტიკის სამსახურის უფროსიც კი გაათავისუფლა, რადგან ქვეყანაში რეკორდული ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ სვლამ სამსახურის მიმართ ნდობის შემცირება გამოიწვია და ბევრი ფიქრობს, რომ ქუჩებში ფასების ზრდის ტემპი, რეალურად, ბევრად უფრო მაღალია.

ინფლაციის ბოლო მაჩვენებლის გამოქვეყნების შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და საპროცენტო განაკვეთი 14%-დან 13%-მდე შეამცირა.

ერთის მხრივ, დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, ეკონომიკა იზრდება ინფლაციის მაღალ მაჩვენებელთან ერთად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება კი აიაფებს პროდუქციას სხვა ქვეყნებისთვის, რაც ექსპორტის ზრდას იწვევს. დაბალი საპროცენტო განაკვეთები გასესხებას ახალისებს და ეკონომიკაში მეტი ფული ცირკულირებს.

ერდოღანის ეკონომიკური ფილოსოფიის თანახმად, ინფლაციას ქვეყანაში არა დაბალი, არამედ მაღალი საპროცენტო განაკვეთები იწვევს. ის ეკონომიკური ზრდის მომხრეა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში ფასები კატასტროფულად იზრდება.

ინფლაციის დინამიკა თურქეთში, 2016-2022 წლები:

sssssss-1661337507.jpg

თურქეთის პრეზიდენტს დაბალი საპროცენტო განაკვეთები იმედს აძლევს, რომ მომხმარებლები ყიდვას, ბიზნესები კი სესხებას გააგრძელებენ, დაიქირავებენ მუშახელს და განახორციელებენ ინვესტიციებს. ხოლო თუ ლირა გაუფასურდება, ეს ქვეყნის ექსპორტს გახდის იაფს და უცხოური ქვეყნები მეტს იყიდიან, რაც წარმოებას ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა.

ეს მიდგომა, გარკვეულწილად, ლოგიკურია და მსოფლიოში მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს, თუმცა ამას თურქეთისთვის მძიმე გვერდითი ეფექტები აქვს. საქმე იმაშია, რომ ქვეყანა წმინდა იმპორტიორია და მიმდინარე ანგარიშში, რომელიც შემოსულ და გასულ სავალუტო ნაკადებს შორის სხვაობას ზომავს, დეფიციტი აქვს.

გარდა ამისა, 2008 წლიდან დღემდე ლირა დოლართან 90%-ზე მეტითაა გაუფასურებული. ეს ქვეყანაში ბევრ პრობლემას იწვევს, მათ შორის, უმუშევრობას (განსაკუთრებით ახალგაზრდებში), კაპიტალის გადინებას, მიგრაციას და სხვ.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად ქვეყანას იმპორტი უძვირდება. თურქეთი კი დიდწილადაა დამოკიდებული ავტომობილების ნაწილების, სამედიცინო პროდუქტების, საწვავისა თუ სასუქის იმპორტზე.

კიდევ ერთი ფაქტორი უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის მაღალი დონეა - ინფლაციის ზრდასთან ერთად ადრე დაბალ პროცენტში აღებული სესხების გადახდა რთულდება. უცხოური კომპანიები კი ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობისა თუ მაღალი ინფლაციის გამო.

ამ ფაქტორებმა ერდოღანის დასახულ მიზნებს ხაზი გადაუსვა და მოსახლეობას აიძულა, პროტესტი სტამბულის ქუჩებში გამოსვლით გამოეხატათ.

aaaaaa-1661337546.jpg

საპროტესტო გამოსვლები თურქეთის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ, 2021 წლის დეკემბერი. ფოტო: Emrah Gurel / AP.

2022 წლის ივლისში თურქეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 3.46 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ენერგიის ფასების ზრდის გამო ეკონომისტები წელს თურქეთში 40 მილიარდიან დეფიციტს მოელიან.

თურქეთის ფინანსთა მინისტრის, ნურედინ ნებათის განცხადებით, 2023 წლის შუა რიცხვებისთვის, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული, ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე იქნება.

მოახერხებს თუ არა ერდოღანის მთავრობა არჩეული პოლიტიკით ქვეყანაში მდგომარეობის შემოტრიალებას და გადაიზრდება თუ არა ფინანსური კრიზისი პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც არჩევნების შედეგზეც ექნება გავლენა, ამის ჩვენება მხოლოდ დროს შეუძლია.

მანამდე ნატოს წევრი ქვეყანა რუსეთთან ეკონომიკურ თუ ენერგეტიკულ ურთიერთობას აახლოებს - ზრდის ექსპორტს, თანხმდება გაზის ფასის რუბლში გადახდაზე, განიხილავს საბანკო კავშირების დაახლოებას და რუსული საგადასახადო სისტემის „მირ“ გამოყენებასაც, რაც თურქეთში მყოფ რუსებს ბარათით გადახდის საშუალებას მისცემს.

ერდოღანის სტრატეგია, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, მოსკოვსა და კიევს შორის ბალანსის დაჭერაზეა ორიენტირებული, სავარაუდოა, რომ იმ ეკონომიკური წნეხის შემცირებას ემსახურება, რომელიც ახლა თურქეთის მოსახლეობის მხრებზეა და წინასაარჩევნოდ მდგომარეობის დასტაბილურებას ისახავს მიზნად, თუმცა ამ პოზიციას დასავლეთში დადებითად არ უყურებენ.

კახი ჩაკვეტაძე