"DCFTA-ის ხელშეკრულება მიგვაჩნია, როგორც საქართველოს ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა"

მე რომ ვყოფილიყავი საბერძნეთის წარმომადგენელი, ვიტყოდი, რომ ეკონომიკის 2%-იანი ზრდა არაჩვეულებრივია, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტმა, სერ გრეჰემ უოტსონმა განაცხადა, როდესაც საქართველოს ეკონომიკის 2%-იანი ზრდის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ის პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოს ეკონომიკაშია, გამოწვეულია 3 მიზეზით. "პირველი - ეს არის რუსეთში გართულებული სიტუაცია, იკლო ექსპორტმა. მეორე - ეს არის აზერბაიჯანში მანათის დევალვაცია და მესამეა ის სტაგნაცია, რომელიც ევროკავშირშია, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია", - განაცხადა უოტსონმა.

კითხვაზე, ქვეყანაში იზრდება გადასახადები და ბიზნესზე შეზღუდვები, ხოლო ხელისუფლების ერთ-ერთი მოტივი არის DCFTA-ის მოთხოვნები, სერ გრეჰემ უოტსონმა განაცხადა, რომ იმ ხუთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც DCFTA ამოქმედდა, ეს დადებითად აისახა იგივე ქართული პროდუქციის ექსპორტზე ევროზონაში. "ჩვენ DCFTA-ის ხელშეკრულება მიგვაჩნია, როგორც გადაწყვეტა საქართველოს ეკონომიკური პრობლემების, ვიდრე პრობლემა", - განაცხადა უოტსონმა.