ნოდარ ხადური მომსახურების სააგენტოს მიერ 4 700 000 ლარის ოდენობის ღირებულების ავტომობილების შეძენის მიზეზებს განმარტავს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მომსახურების სააგენტოს მიერ 4 700 000 ლარის ოდენობის ღირებულების ავტომობილების შეძენის მიზეზებს განმარტავს.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეს მანქანები შეძენილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ თბილისში ჩასატარებელი ღონისძიებისთვის.  "მას შემდეგ, რაც ეს ავტომანქანები გამოთავისუფლდებიან ამ ღონისძიებიდან, ისინი გადანაწილდება და "ჯიპების" მაგივრად იქნება ის მანქანები, რომლებიც შეძენილია. ეს ღონისძიება არის უდიდესი მნიშვნელობის, ვინაიდან თბილისი იქნება ბიზნესაქტივობის ცენტრი ევროპის მასშტაბით და არა მხოლოდ. ერთი რამეც მინდა გითხრათ, ანალოგიური ტიპის მანქანები რომ გვექირავებინა და დაზღვევა გაგვეკეთებინა, დაახლოებით 40-45% ჯდებოდა ღირებულების, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც, ეს გამართლებული ხარჯი იყო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ის 10 სახელმწიფო უწყება დაასახელა, რომლებმაც 2013-2015 წლებში, ტენდერების გზით შესყიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა. კერძოდ, 2013 წელს სააგენტომ 15 702360 ლარის ავტომობილები შეიძინა, ხოლო 2014 წელს - 16 092 505 ლარის.