მინისტრების თქმით, სამინისტროებს ხარჯების შემცირებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ

სამინისტროებს ხარჯების შემცირებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მინისტრებმა განუცხადეს.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, უწყება წლის განმავლობაში 50-70 ათასამდე ლარის დაზოგვას გეგმავს. "ჩვენ უკვე დავიწყეთ ხარჯების შემცირება - საწვავის, ადმინისტრაციული, საოფისე ხარჯებია შემცირებული. ახლანდელი გათვლებით, ეს იქნება 50-70 ათასის ეკონომია წელიწადში", - აღნიშნა სერგეენკომ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით კი, იქიდან გამომდინარე, რომ მის უწყებაში სპეციალური სამსახურებია, ხარჯების "ერთი ხელის მოსმით" შემცირება რთული იქნება. "ამ თემაზე ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, ჩვენთან სპეციალური დეპარტამენტები, სპეცსამსახურებია და ძალიან რთულია ერთი ხელის მოსმით ხარჯების შემცირება. როგორც კი შეჯერდება ეს ყველაფერი, მოგახსენებთ, ის იქნება გამჭვირვალე", - აღნიშნა შს მინისტრმა.

საკითხზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ოთარ დანელიას თქმით, მის უწყებაშიც არსებობს ნაწილები, რომელსაც ვერ შეეხებიან. ქამრების შემოჭერა გავრცელდება სატელეკომუნიკაციო ხარჯებზე, საწვავზე, ავეჯზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე, თუ არ არის გამოუვალი მდგომარეობა და ყველა იმ ნაწილზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება.