რატომ რჩება დახურული რუსული ბაზარი ქართული მწვანილისთვის?

"წლევანდელი წელი ჩავარდა, ვნახოთ გაისად რა იქნება"

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურსა ("როსსელხოზნადზორი") და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ზარზეიმით გაფორმდა შეთანხმება ქართული მწვანილის რუსეთში გატანასთან დაკავშირებით, რუსული ბაზარი ქართველი მემწვანილეებისთვის ამ დრომდე დახურული რჩება. როგორც "როსსელხოზნადზორის" ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს შესაბამისი ლაბორატორიული სისტემა, ქვეყანამ ქართული მწვანილის შეტანა მაინც დაუშვა. თუმცა, რატომ ჭიანურდება ექსპორტის განხორციელება შეთანხმების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია.

Bpn.ge-სთან საუბარში სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უცნობია, როდის განახლდება რუსეთში ქართული მწვანილის ექსპორტი. ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში კონკრეტულ ვადებს არ ასახელებენ. "სამინისტროში ყოველ კვირა გვეუბნებიან, მწვანილის ექსპორტზე გატანა ძალიან მალე დაიწყებაო, მაგრამ ეს მალე როდის დადგება, არ ვიცით. ჩვენს შპს-ს წლებია უკვე, რაც უკრაინაში მწვანილი გააქვს, მაგრამ ცნობილმა მოვლენებმა დაგვაზარალა. უკრაინაში ომია, მწვანილზე მოთხოვნა არ არის, თან დოლარის კურსი აიწია, ამ ყველაფერმა ერთად უარყოფითი გავლენა იქონია. პრაქტიკულად, წლევანდელი წელი ჩავარდა და გაისად რა იქნება, არ ვიცი. ბელორუსშიც გაგვაქვს, თუმცა პატარა ქვეყანაა და მოთხოვნა დაბალია, ამიტომ 1 ან 2 ტრაილერი მწვანილი შეიძლება გაიყიდოს, რაც ცოტაა. ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე ერთი კილო მწვანილის ფასი 1 – 1,5 ლარია. ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები და მერე უკვე იმპორტიორი ქვეყანა ადებს გასაყიდ ფასს", - გვითხრა შპს "მირანდა გაბუნიას" წარმომადგენელმა შოთა ჯანაშიამ.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირის ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ შპს "ჰერბიას" წარმომადგენლის, რევაზ შერვაშიძის თქმით, სხვების მსგავსად ისინიც ელოდებიან რუსული ბაზრის გახსნას. ამ ეტაპზე კი ევროპის ბაზრის ათვისებას ცდილობენ.  "რუსეთში მწვანილი ჯერ ვერ გაგვაქვს. როდის დაიწყება, არ ვიცით. სულ რაღაც ათი დღეა, რაც ევროპაში გატანა დავიწყეთ. ვნახოთ რა იქნება. თუ რუსული ბაზარი გაიხსნება, ჩვენთვის მომგებიანი იქნება," - გვითხრა მეწარმემ.

რუსეთმა ქართული მწვანილის იმპორტი 2005 წელს შეწყვიტა.

სალომე გოგოხია