”ლითონთა მეფეს” მყიდველი მოაკლდა

"ხალხს ძვირფასი ნივთების შესაძენად არც საშუალება აქვს და არც - ხალისი"

ადამიანები ოქროს უძველესი დროიდან აფასებდნენ. ოქრო ყოველთვის მიაჩნდათ ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ, რის გამოც მას "ლითონთა მეფეც" კი შეარქვეს. ეს შეხედულება დღემდე არ შეცვლილა, რადგან სწორედ ოქრო გამოხატავს ყველა სხვა საქონლის ღირებულებას, სწორედ ის არის საყოველთაო ექვივალენტი, რომელიც შემდეგ ფულის სახით გვევლინება. საქართველოში ოქროს ნაწარმი - ბეჭდები, სამკაულები თუ სხვა სახის ნაკეთობები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გამონაკლისი ამ მხრივ არც 21-ე საუკუნეა, თუმცა დღესდღეობით ოქროს რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ოქროს ბირჟაზე, მაღაზიებში და ყველგან, სადაც ოქრო იყიდება, მყიდველთა სიმცირეს უჩივიან. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ოქროს, ვერცხლისა, თუ სხვა ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაკეთობები თვეობით უდევთ დახლებზე და ვერ ყიდიან. საქართველოში რუსული წარმოშობის ოქრო კვლავაც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, შემდეგ მოდის იტალიური და თურქული, ხოლო სინჯებიდან ყველაზე მოთხოვნადი 583, 958 და 750 სინჯის ოქროა. ”ლარი გაუფასურდა, რის გამოც პროდუქტი და სხვა პირველადი მოხმარების საგნები გაძვირდა. ამიტომ, ხალხს ძვირფასი ნივთების შესაძენად არც საშუალება აქვს და არც - ხალისი. მხოლოდ ის გვშველის, რომ ოჯახებიდან გამოტანილი, შედარებით იაფი სამკაულებით ვვაჭრობთ. წლების წინ იაფად ჩაბარებული ძვირფასეულობაც გვაქვს და ვცდილობთ შემცირებულ კლიენტურას ყველაზე მისაღები ფასი შევთავაზოთ. მიუხედავად ამისა, ხშირად მთელი დღის განმავლობაში ვზივართ და ვერაფერს ვყიდით. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ნათლობის ჯვრები და ქორწინების ბეჭდები იყიდება. ასე რომ, ჩვენი ბიზნესი სადედამთილოების იმედზეა დარჩენილი,” - მწარედ ხუმრობენ ოქროს ბირჟის დილერები.

კლიენტურის შემცირებას უჩივიან ოქროსა და ძვირფასი თვლების ექსპერტებიც. სავაჭრო ცენტრ "მაგის" ექსპერტის, თამაზ გულედანის თქმით, მყიდველთა რაოდენობის შედარებაც კი არ შეიძლება, რადგან 1-2 წლის წინ უფრო იყიდებოდა ყველაფერი, ვიდრე დღეს. "კლიენტურა ძალიან შეგვიმცირდა მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ფასი ჩვენთან საკმაოდ მისაღები და ნორმალურია. მყიდველთა რაოდენობის შედარებაც კი არ შეიძლება, რადგან 1-2 წლის წინ უფრო იყიდებოდა ყველაფერი, ვიდრე დღეს. გაიაფდა ვერცხლიც - 1 გრ. ვერცხლს დღესდღეობით 1-1,10 ლარად შეიძენთ", - განაცხადა თამაზ გულედანმა.

როგორც ”აგორა ჯგუფის” პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა თამარ დარახველიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სალომბარდო ბაზარზე დიდი რყევა არ შეიმჩნევა. მისივე თქმით, რაც შეეხება ბაზარზე გასაყიდ ფასს, დიდი ცვლილება ფასების მხრივ აქაც არ ყოფილა, თუმცა ოქროს რეალიზაციის შემცირება სულ სხვა ფაქტორების ბრალია. "ლარის გაუფასურების გამო, მომხმარებელი ნებისმიერი ტიპის დაბანდებას ერიდება. ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება, მომხმარებელი მოერიდება ფუფუნების საგნებში ზედმეტი თანხის გაღებას. ორი თვის წინ ბაზარზე ოქროს ფასი ძალიან დავარდა, მით უმეტეს, რომ მისი ფასი ლარის გაუფასურებამდე ისედაც დაცემული იყო. ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: თუ რამდენიმე თვის წინ 999 სინჯის ოქრო 80 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი თითქმის ყველგან 8-10 ლარით შემცირდა", - აღნიშნავს თამარ დარახველიძე.

ოქროს რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ ოქროს ბირჟის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ბოლო კვირებში ფასები მიზერულად შეიცვალა, მაგრამ მყიდველი მაინც არ ჩანს. "მართალია, სხვადასხვა ადგილას ფასები განსხვავებულია, მაგრამ ბაჯაღლო ანუ 999 სინჯის ოქრო უკვე მასობრივად ღირს 70-72 ლარი, 900 სინჯის - 51-55 ლარი, 750 სინჯის - საშუალოდ 55 ლარი, ხოლო 583 სინჯის ოქრო - 43 ლარის ფარგლებშია. ეს ე.წ. ჯართის ფასია, ხოლო ნაკეთობების გასაყიდი ფასი ზოგან 10-15 ლარით მეტია, ზოგან კი, შეიძლება უფრო ძვირიც იყოს. ოქროს სამკაულებს ძირითადად ისეთი ხალხი ყიდულობს, ვისაც აუცილებლად სჭირდება, რადგან ხალხი ფუფუნების საგნებისთვის ფულს ვეღარ იმეტებს, თანაც, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მცირე ზომის ბეჭედი შეიძინოს და რაც შეიძლება ნაკლები თანხა გადაიხადოს,” - გვითხრეს ოქროს ბირჟის წარმომადგენლებმა.

ხათუნა ჩიგოგიძე