კახი კალაძემ და რიჩარდ ნორლანდმა ვანში გაზის მილსადენის გამწმენდი და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა დაათვალიერეს

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა გუშინ, ვანში გაზის მილსადენის გამწმენდი და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა დაათვალიერეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით თვალაბეიშვილმა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულება აღნიშნეს და ამ მიზნით მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 700 მილიმეტრიანი დიამეტრის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე მილსადენის გამწმენდი და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა დაათვალიერეს.

აღნიშნული ენერგო-ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლისთვისაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 62 მილიონი აშშ დოლარი 2010 წელს გამოყო. ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა ამერიკის ელჩს და ენერგეტიკის მინისტრს გაზის მილსადენის გამწმენდი და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა ადგილზე დაათვალიერებინა და მისი მუშაობის პრინციპი გააცნო.

როგორც პრეზენტაციაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ჩატარებული სამუშაოს შედეგად მაგისტრალური გაზსადენის სისტემის ტექნოლოგიური საიმედოობა ამაღლდება, გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა. მისივე თქმით, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსახლეობის საწარმოთა და შავიზღვისპირა რეკრეაციული ზონის გაზმომარაგების გაუმჯობესებას.

ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გაზისა და ნავთობის კორპორაციას და ყველა ორგანიზაციას განხორციელებული პროექტი მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ პროექტისათვის 62 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მოხდება დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, ფოთისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის. "ეს პროექტი მყისიერი ეკონომიკური ეფექტის მომტანია. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალი აბრეშუმის გზის ხელშეწყობის თვალსაზრისით. თურქეთიდან ჩინეთამდე მდებარე ქვეყნებისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაში საქართველოს როლი განსაკუთრებულია", - აღნიშნა ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.

გაზისა და ნავთობის კორპორაციის გენერალური დირექტორის, დავით თვალაბეიშვილის თქმით კი, პროექტი 4 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, 4 ეტაპად წარიმართა და მთლიანობაში 150 კილომეტრის სიგრძის გაზსადენის მილი გამოიცვალა. აღნიშნული სადიაგნოსტიკო მოწყობილება კი, შესაძლებლობას იძლევა, რამდენიმე ათეულ კილომეტრზე კომპიუტერის მეშვეობით გაკონტროლდეს, არის თუ არა სადმე გაზსადენის მილში კოროზია ან დაზიანებული უბანი და იგი დროულად გამოიცვალოს.