სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესდება, რამ გამოიწვია "იფქლის" პურის გაძვირება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აცხადებს, რომ პურის გაძვირების ვერანაირ ლოგიკურ გამართლებას ვერ ხედავს.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პურის გაძვირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, საუბარია იმაზე, რომ "იფქლმა" გააძვირა მხოლოდ პური. "თუ არ ვცდები, ფასი პურის ორ სახეობაზე გააძვირა. მათი არგუმენტი იყო, რომ პურის ფასი ისედაც დაბალი ქონდათ და გაუთანაბრეს არსებულ ფასებს. მათ არ ჰქონდათ არანაირი საფუძველი. ქრონოლოგიურად რომ გავიხსენოთ წარსული, 2013 წლამდე ფქვილის ფასი იყო დაახლოებით ის, რაც არის დღეს. როდესაც 2013 წელს გაიაფდა და ჩამოვიდა 36 ლარზე, პირობა დადეს, რომ თუ ფქვილის ფასები კიდევ გაიზრდებოდა, არ გააძვირებდნენ პურს და დატოვებდნენ იმ ფასზე, როგორც იყო. შესაბამისად, როგორც ჩანს, მათ ეს პირობაც დააარღვიეს. ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ, თუ რა მიზეზები იყო ამის უკან. ჯერ ჩვენ მყარი არგუმენტები ვერ მოვიძიეთ", -განაცხადა დანელიამ.

მინისტრის განცხადებით, ისინი არ ერევიან კერძო ბიზნესის საქმიანობაში და შესაბამისი ზღვარის დაცვით ეცდებიან, მოიძიონ არგუმენტაცია, რათა სამომავლოდ ანალიზი გაუკეთონ, არის თუ არა კიდევ ვინმესგან პურის გაძვირება მოსალოდნელი.