რა ქონებას ფლობს გაეროში საქართველოს ელჩად დანიშნული დავით ბაქრაძე

გაეროში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს დავით ბაქრაძე. 2022 წლის 18 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია მხოლოდ ფერწერული ტილო, რომლის ღირებულება 9000 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მის მეუღლეს ეკუთვნის, 1548 კვ.მ მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი (მემკვიდრეობა), ასევე, 125,7 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც 2018 წელს 110 000 აშშ დოლარად შეიძინა და ავტოფარეხი. მისი ღირებულება 12 000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, დავით ბაქრაძე ფლობდა: "საქართველოს ბანკის“ სამომხმარებლოზე - 95 359 აშშ დოლარს, citi-ის სახელფასოზე - 7 341 აშშ დოლარი, ხოლო დანაზოგის სახით -15 600 აშშ დოლარს.

დოკუმენტის მიხედვით, დავით ბაქრაძეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე, ხელფასის სახით, 2021 წელს 68 503 აშშ დოლარი აქვს აღებული.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე წლების განმავლობაშ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. საქართველოს პრეზიდენტმა მის გაეროში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი ხელს არ აწერდა. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაქრაძე „5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია“.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა.

ნინი ქეთელაური