სებ-მა აგვისტოში შესყიდული დოლარის ნახევარზე მეტი აგვისტოშივე გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის აგვისტოში სავალუტო აუქციონებზე შესყიდული დოლარის ნახევარზე მეტი აგვისტოში ისევ გაყიდა. მორიგი სავალუტო აუქციონი დღეს გამართა და ბაზარს 32,305 მლნ დოლარი მიაწოდა. არადა, სულ რაღაც 20 დღის წინ იგივე აიქციონით ეროვნულმა 40 მლნ დოლარი ამოიღო.

სებ-ის სავალუტო ინტერვენციები ცხადია, ეროვნული ვალუტის გამყარება/გაუფასურების პარალელურად მიმდინარეობდა. როგორ წესი, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.

აგვისტოს დასაწყისში, როდესაც ლარი მყარდებოდა, სებ-მა ბაზრიდან 70 მლნ დოლარი ამოიღო. სავალუტო აუქციონები 1-ელ, 5 და 10 აგვისტოს გაიმართა. პირველ ჯერზე ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ დოლარი იყიდა, მეორედ - 20 მლნ დოლარი, მესამედ, 10 აგვისტოს კი ბაზრიდან 40 მლნ დოლარი ამოიღო.

თუმცა 17 აგვისტოს, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, სებ-ს ნაყიდი დოლარის კვლავ გაყიდვა მოუწია. ამ დროს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 8,305 მლნ დოლარი მიაწოდა, დღეს კი 32,305 მლნ დოლარი. საბოლოო ჯამში, 2 კვირაში სებ-მა 40,610 მლნ დოლარი გაყიდა. შედეგად გამოდის, რომ ერთ თვეში სებ-ს ბაზრიდან ამოღებული დოლარის 58% ისევ ბაზარს დაუბრუნა.