როგორ გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს - საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-დან 8%-მდე გაზარდა. სააგენტოს თანახმად, ზრდის მიზეზი ომის შედეგად ქვეყანაში მიგრანტების შემოდინებაა, რაც ტურიზმის აღდგენას უზრუნველყოფს. 2023 და 2024 წლების პროგნოზი, შესაბამისად, 3% და 4.5%-ია.

რაც შეეხება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება. ახალი მაჩვენებელი აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 3%-ით მეტია, იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით კი უცვლელია - მსოფლიო ბანკი იანვარში საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, აპრილში კი საპროგნოზო მაჩვენებელი 2.5%-მდე შეამცირა. მომდევნო წლების, 2023 და 2024 წლების პროგნოზი, 5.5% და 5%-ია.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), რომლის თანახმადაც, რეალური მშპ-ს ზრდა წელს ქვეყანაში 3.2%-იანი იქნება. თუმცა, როგორც IMF-ის წარმომადგენელმა ივლისში განაცხადა, შესაძლოა, პროგნოზი ისევ ძველ მაჩვენებლამდე, 5.5%-მდე გაიზარდოს, ეს კი აღდგენის ტემპზე იქნება დამოკიდებული.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ქვეყნის ეკონომიკის 9%-ით გაზრდას პროგნოზირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მოელის, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ია, უშუალოდ ივლისში ზრდის მაჩვენებელი კი 9.7%-ს შეადგენს.

კახი ჩაკვეტაძე